შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საქართველოს კარებს გასცდა...


საქართველოს კარებს გასცდა
წინათგრძნობა ბუმბერაზი,
როცა მხნე და ახალგაზრდა
მოდიოდა თქვენი რაზმი.

თითქო ცეცხლით დაითუთქა,
ლმობიერი გული ძმისა -
ათასი მთა წინ გადუდგა,
მთები კავკასიონისა.

გამობრუნდით! რა უარეს
შარა-ხევს ხართ მიმავალი.
ერთი ბნელი ღამე არის,
რომ ვერა სჭრის კაცის თვალი.

ერთი მეფე დევიცა სდგას,
სამასი წლის დევი ჰქვია;
გელით ციხე, ან კატორღა
ან ციმბირი, ანუ ტყვია.

თქვენ ამბობდით: „სისხლი არის
მისი ლხინი და შექცევა,
რადგან იცი, რომ მომავლის
სასტიკ მსჯავრს ვერ გაექცევა“.

და დადუმდა ათასი მთა,
მომლოდინე მზიან ჩრდილის,
როს ხელახლა გაისმა ხმა
მრავალ ახალგაზრდა შვილის.

ურყევია თქვენი გული,
თქვენი მტკიცე სიარული,
წინ წაწევა და გუგუნი
ინტერნაციონალური!

[1934]