უცდიან ახალ მიქელ-ანჯელოს
[ციკლიდან „ეპოქა“]
ის ხელოვნება კიდევ აღდგება,
გაანადგურებს ყოველგვარ მტანჯველს,
ჯერ დაუძრავი მაღალი მთები
უცდიან ახალ მიქელ-ანჯელოს.
ვისაც ვანდობდით სიხარულს ჩვენსას,
ის დიადია, ამაღლებული,
აღარ ვერწმუნოთ მას ამის შემდეგ?
აღარ მივანდოთ გული ნთებული?
დღეს კარგი დღეა და სიყვარულით
სუნთქავს ტყე-ველი,
აღგზნებულ გულის ალერსისაა
მზე ულეველი.
გავსწიოთ შრომის და პოეზიის
სიელვარეში, -
მოულოდნელად დღეს აღმოჩენილს
ჩვენთვის მხარეში.
[1928]