გოგონა
[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]
გამიგონე,
არა ერთი ასეთი
მშვენიერი
ფიფქითაა ფარული -
ისევ ის გზა,
ისევ ის აფხაზეთი,
საბოლოოდ
ისევ ის სიხარული.
გამოჩნდება
ქარვით გადაფარული,
ოქროსფერი,
ოქროსფერი თუთუნი,
მხიარული გესმის
ხმა დაღარული,
მხიარულთა მდინარეთა
დუდუნი.
მივდიოდით
გულით მოკისკასეთი,
ვის მოსწყინდეს
ამ გზაზე სიარული?
არის ეს ზღვა,
არის ეს აფხაზეთი,
კიდევ არის
გრძნობა გენიალური:
მთებში აფხაზ
კოლმეურნის გოგონა
დაინახა მოგზაურმა.
გოგონას
მთელ სახეზე
შრომის ჭიაკოკონა
ახალგაზრდას სიხარულად
ეფინა.
ო, იშრომე
ამ ველებში, ამ მთაში,
სადაც ჰყვავის
ქარვისფერი თუთუნი,
სად მიმოზის
და პალმების კალთაში
მდინარეთა გესალმება
დუდუნი.
იგრიალოს
ძველმა მიეთ-მოეთმა,
შეერთება
ძველი ხავსი ეგონოს,
მოგვტაცაო
დროის სიახლოეთმა
მშვენიერზე
მშვენიერი გოგონა.
მაგრამ ძველთა
რას გააწყობს გარისხვა,
აღტაცებამ
ერთხელ დაიმღერა-რა,
დაე, აღსდგეს
ხმელეთი და შავი ზღვა -
ვერ დასძალავს,
ვერავინ და ვერა-რა.
ამოხეთქოს ხმებმა,
ვით ოქროეთმა,
გამარჯვებათ
ახალ ყოფად მოჰკონოს,
სამუდამოდ
სიხარულზე მღეროდეს,
კოლმეურნე
მშვენიერი გოგონა.
[1930]