შუალედი - დან - მდე
 
 


სიცოცხლით, მთელი შემოქმედებით


[ციკლიდან „ეპოქა“]

ჩვენ შევეჩვიეთ ბრძოლაში ყოფნას
სიცოცხლით, მთელი შემოქმედებით,
თავზე ტყვიები დაგვფარფატებდა
და გატაცება ფოლადის ფრთებით.
ჩვენ შევეჩვიეთ ქარს და ქარიშხალს,
ბავშვობიდანვე ჩვენი ცხოვრება
იყო მარტოდენ რევოლუციის
მქუხარე ძალთან დამეგობრება.
რომ გაგიჟებას გავდა დღეები,
მრავალფეროვან წამთა ფერხულში
წინ მივდიოდით და იმედები
გამარჯვებისა ხარობდა გულში.

[1928]