ფიქრი ზღვის პირას
[ციკლიდან „ეპოქა“]
კვლავ სიჩუმეა გამეფებული,
ზღვა არ ბობოქრობს, ტალღა არ იძვრის.
წყალზე რა ნაზად ფერს ილამაზებს
ლაჟვარდი სახე გაშლილი სივრცის!
ვდგევარ ნაპირზე და იალქანი
ნათლად ფრიალებს, მზის სხივით სტკბება.
ოჰ, აღელდება ნეტავი კიდევ,
თუ არასოდეს არ აღელდება?
ვეგებებოდით ნაცნობ ქარიშხალს
და აღტაცებით გვიძგერდა გული,
მოვა დრო, ისევ მივეგებებით,
დიდიხნით იმას დაშორებული.
საბრალო ნავი! გულშემზარავი
ტალღა შეასკდა იმის სუსტ ნაპირს,
ღელვას გადაჰყვა აბობოქრებულს,
მისთვის უეცარს, შეუცნობს, სხვაფერს!
ცხრაასჩვიდმეტის ზღვა შეხვდა მწარე,
ბრძოლაში მოკვდა სიმშვიდით, წყნარად.
ჩემს სულს, ბრძოლაში ქცეულს ფოლადად,
კვლავ ასხივოსნებს ოცნება მძაფრი,
იგი, მოვა დრო, ისევ იფეთქებს
დიდიხნის გზნებით უხვად გამთბარი,
გაანგრევს კლდეებს და გადალეკავს
ის სწრაფი ტალღა და ნიაღვარი!
[1928]