შუალედი - დან - მდე
 
 


შორი ალპების წყაროზე წმინდა, სამხრეთის მზეზე უდიადესი!


[ციკლიდან „ეპოქა“]

სთქვი: რისთვის გერქვას ადამიანი
და მომავალის გეძახდეს ვალი,
თუ დაიკარგა შენი გულიდან
ნების ნაკადი თავისუფალი?
რომ გრძნობდე ამას, მოგაშველებდა
თავის მარჯვენას მთელი ქვეყანა,
რომ მოისურვო მხოლოდ და მარტო...
მაგრამ სურვილი შენ ძალგიძს განა?
სიცოცხლე! დიახ, სიცოცხლე გვინდა!
სიცოცხლე გვინდა ასი, ათასი!
შორი ალპების წყაროზე წმინდა,
სამხრეთის მზეზე უდიადესი.

[1928]