შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-1 - 1929 წელი


1929. 22 მარტი.

არაფერია!
დღესაც ავადა ვარ. მუშაობა არ შემიძლია. საერთოდ მდგომარეობა კატასტროფიულია. არსაიდან ჯერჯერობით იმედი არა მაქვს, რომ საიდანმე გაჩნდება სულ ცოტა მაინც ფული, რომ პაპიროსი მაინც მექნეს, თუ სადილი არა. გადაუხდელია წყალისა და ბინის ქირა. სულ ადვილად შეუძლიათ გადამასახლონ ბინიდან. როდემდის გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა?
სახელგამიდან პასუხი არ არის „ეპოქის“ გამოცემის შესახებ.
მთავარხელოვნებიდანაც პასუხი არაა XX წლის მუშაობის აღნიშვნის შესახებ.
„მნათობიდან“ პასუხი არაა იქ თანამშრომლობის შესახებ.
ერთად ერთი პასუხი გამომცემლობა „შრომის“-განაა. იგი თანახმაა, გამოსცეს ჩემი რჩეული ლექსები. მაგრამ... როგორ უნდა შესდგეს „რჩეული“ ლექსები. ავტორისათვის ყველა ლექსები რჩეულია. მე, რა თქმა უნდა, შევეცდები შევარჩიო, მაგრამ იქნება კი ესე, როგორც საჭიროა?
გარდა ამისა წიგნი გამოვა ერთი ან ორი თვის შემდეგ. მანამდე? მანამდე? რა უნდა ვქნა, როგორ ვიმუშაო მანამდე? ხომ შეიძლება, ბინა დავკარგო მანამდე, ხომ შეიძლება შიმშილმა წამაქციოს სადმე მანამდე?
„აი, ამბავი, გულო ჩემო, შენ რომ გაშფოთებს“.
ყოველ შემთხვევაში, დღეს დავიწყე „ეპოქი“-ს გადამუშავება. ვინ იცის, რა მოხდება?
ჩემი ცხოვრება ხომ ყოველთვის სავსეა მოულოდნელობით: ხან უეცარი სიმდიდრე, ხან აუტანელი სიღარიბე. საერთოდ კი მოუწყობლობა.
„აი ამბავი, გულო ჩემო, შენ რომ გაშფოთებს“.
მაგრამ...
აი, ამბავი, რომელიც უსათუოდ გამარჯვებით დამთავრდეს უნდა, რადგან ეს „ყოფნა-არყოფნის“ საკითხია.
მართლაც, აი ამბავი! სად უნდა წავიდე, არ ვიცი!
არც ერთი მეგობარი, არც ერთი ოჯახი ტფილისში.
ასე ვფიქრობდი, როდესაც დავიხურე ქუდი და ოთახიდან გავედი. აქ, მახლობლად სამკითხველოა, რომელიც ცხრა საათზე იხურება. ეხლა სამი საათია, მაშასადამე, მთელი ექვსი საათი მე შემიძლია გავატარო სამკითხველოში.
მშიერი მე ვზივარ სამკითხველოში ექვსი საათის განმავლობაში. ვკითხულობ გაზეთებს, ჟურნალებს. დამავიწყდა შიმშილი. დამავიწყდა, რომ ავადა ვარ. ავად! მერე როგორ ავად!
და გახდა ცხრა საათი. დახურეს სამკითხველო. ძალაუნებურად უნდა გამოხვიდე.
და ხეტიალი.
თოვს.
ხეტიალი ავადმყოფისა და უფულო კაცის. ღამით.
გავიარე პლეხანოვის პროსპეკტი ვორონცოვის ხიდამდე. ვიგრძენი ცუდი ჩემი ავადმყოფობა. მაშ, უნდა დავბრუნდე. დავბრუნდი. ისევ მიხაილოვის პროსპეკტი.
თოვს.
- გამარჯობა, - დამიძახა ვიღაცამ.
- გაგიმარჯოს, - ვუთხარი და გავჩერდი.
ვიღაცა გადარეული - ლაუ სორტელია.
- "ბატონო გალაკტიონ", აქეთ რამ წამოგიყვანათ? - მეკითხება.
- ისე, შემთხვევით.
- წავიდეთ, ღვინო დავლიოთ. მაგრამ მე ფული არ მაქვს. აი, აი, აი, ჩემი მეგობრები. ერთად წავიდეთ.
მომიხდა დღეს ქეიფი მეკუბოვეებთან, დამმარხველებთან, ორგანიზატორებთან ამ საქმისა.
მეკუბოვეები.
დამმარხველები!
მასხრები - სულ 8 კაცი.
აი, სანამდე მიგიყვანს შიმშილი!
და ვბრუნდები ჩემს ოთახში...
............
ვწყვეტ წერას: იმდენი უსინდისოა ამ სახლში, ე. ი. ჩემს ოთახში, როგორც ეტყობა. არავინ ჩემი პატივისმცემელი არ არის ამ სახლში.
ყველასგან მესმის...
მაგრამ ვნახოთ. ვნახოთ. პატივცემულნო პიროვნებანო, ვინ უფრო მაღლა დგას: თქვენ ყველანი თუ გალაკტიონი.
შიშით, მადლობა ღმერთს, თქვენი მე არ მეშინია.
შიშით, მადლობა ღმერთს, თქვენ უფრო გეშინიათ ჩემი.
თქვენ ჩემი გეშინიათ.
გეშინიათ და გეშინიათ და იმიტომ, ორგანიზაციულად, ოჯახური ტემპით, არა?
არც ამისი მეშინია.
არასოდეს.
თქვენ ამას შესანიშნავად ნახავთ.
სულ რამდენიმე დღე დამრჩა სიცოცხლის და ისიც გავიმწარო? არასდროს!
ეხლა მე მთვრალი ვარ და იმიტომ ვწერ.
ხვალ ფხიზელი შევწუხდები.
არაფერია!
ზიზღი სახლისადმი: Крыловская 10 - ჩაიწეროს ამ ქახალდში, აფხანიკებო!
აფხანიკები! თქვენ გამოიკვლიეთ და გადაუხადეთ მათ სამაგიერო! [განსაკუთრებით „ლიოტჩიკს“]. პადლეცს ყოველ შემთხვევაში.
მერე სხვებს.
...........
ეეეჰ!
[მე მთვრალი ვარ დღეს!].

23 მარტი. შაბათი.
- დილით ვიყავი ხელოვნების მთავარ სამმართველოში. პასუხი ჯერ კიდევ არ არის.
- ეპოქის შესახებაც იმგვარადვე.
- მნათობში ლექსი ჯერ არ აწყობილა.
- ფული არსაიდან არ არის...
რუსთაველის პროსპეკტზე დადიან „პოეტები“ - Как сыпно-тифозные призраки. ოცნებობენ ერთ ჭიქა ღვინოზე. აწყობენ მანეთის შოვნის გეგმებს. მაგრამ სრულიად უიმედონი არიან. უიმედობა! ო, უბედურთა თავშესაფარო, დათას სარდაფო! ნუ თუ მათთვის დღეს დაიხშვება შენი კარები? ნუთუ ეს სიცივით, და რევოლიუციით გაყინული ხალხი არ გადავარდებიან დღეს შენს ღრიანცელში, ბოთლების მტვრევასა და უმოწყალოდ უგემურ სიმღერებში? არიან ხომ ბედნიერები, რომელთაც დღეს მოეპოებათ ბინა, ღვინო და თბილი გრძნობა? ო, არავინ არ იცის, რაა სიღარიბე, რანაირად დამამცირებელი, პიროვნების ფეხქვეშ გამქელველია იგი - დღეს ამ პოეტებისათვის.
გამოვიარე მე-7 შრომის შკოლაში. რაღაც მინგრეულ-მონგრეული შენობაა. აქ რომ კაცი რამეს ისწავლის, ადრე იქნება. ვიღაც მასწავლებელი „იავნანას“ ასწავლის ბავშებს. მასწავლებლები უჩივიან უდისციპლინობას.
შევედი სამკითხველოში გაზეთებისათვის. შემხვდა ბენო გორდეზიანი.
- კარგი იქნება, - ვუთხარი, - ერთი ქართული ყოველკვირეული გაზეთი. სპეციალურად სახელოვნო.
- დიდებული იქნება - მაგრამ ნებას არ მოგვცემენ.
- რატომ?
- თანამედროვეობა მხოლოდ მუშკორებით გამოჩენას სცდილობს. რუსეთში ლეфია, ისიც დახურეს და მოითხოვეს, რომ ლეფელებმა იმუშაონ კოლეკტიურად, ხელისმოწერაც კი არ უნდა იყოსო.
- ეგ არასდროს არ მოხდება, რადგან შეუძლებელია.
- მე გეუბნებით ფაკტს.
- მერე?
- საერთოდ უნდა გაჩერდე და დაუცადო. ისტორიულად გარდამავალი ხანაა. დიდი მსოფლიო ამბების მოხდენის ხანაა. დიდი ამბები უნდა მოხდეს. მოგებული ის დარჩება, ვინც გაჩუმებული იქნება. დავაცადოთ უნდა.
- ?!!...
შემხვდა ნინა მაყაშვილი. მიამბო სოფლის ამბავები, აღტაცებულია იქაურობით.
შემდეგ შემხვდა ერთი რეგვენი მასწავლებელი, რომელიც ჭირივით მეჯავრება (გვარი ვერ დავიმახსოვნე ვერასგზით).
- როგორაა „ანზორი“?
- „ანზორი“?
- არაფერია, მალე ყველაფრის ლიკვიდაცია მოხდება. მთლიანი ლიკვიდაცია!!!

24 მარტი. კვირა.
საუცხოვო მზიანი დღეა. სჩანს, გაზაფხულდა. მე კი ორი დღეა არა მიჭამია რა. მაინც კარგია გაზაფხული.
რუსთაველის პროსპეკტზე ახალგაზრდობა სწუხს უკასტიუმობაზე: გავიხდით პალტოს, ტანისამოსი კი არა გვაქვსო.
მოვედი სახლში, ჩავიკეტე კარები და ვწევარ. მწოლიარე კაცი უკეთესად იტანს შიმშილს.
შევუდექი "რჩეული" ლექსების დამზადებას. ვნახოთ, რა გამოვა.
ღამით საოცარი სიზმრები მესიზმრებოდა. ვინ გინდა არ იყო ამ სიზმრებში: ახლობლები და შორეულები: პირადათ მე საკუთარი ხელით დაბლობიდან მაღლა მთაზე ავიტანე უზარმაზარი მატარებელი! ტროცკი, სტალინი, ყველანი იყვენ.
ასე კარგია სიზმრები.
ასე კარგია გალიუცინაციები.
სიზმარი უკეთესია, ვინემ სინამდვილე.
ეხლანდელი სინამდვილე კი.. განსაკუთრებით ჩემი.. ღმერთმა შეინახოს.
მსოფლიო შემოსილია მხოლოდ შავი, საშინელი სინამდვილით. საბრალო პოეტი. რა უნდა ჰქნას წინანდელმა პოეტმა?
.......................
.......................
.......................

1 მაისი. 1929.
მე ენა არ მემორჩილება ვთქვა ის, რისი თქმაც აუცილებელია. რანაირი დღე იყო დღეს? იყო იგი კლასის დღე? იყო იგი სიხარულის დღე? არა. მაშასადამე, კლასს - არა სცალია სიხარულისთვის. კალონები [დემონსტრანტების] მანიფესტანტების მიდიოდენ უხმოდ, დაღვრემილნი, წარბშეჭმუხვნილნი, საშინლად წარბშეჭმუხვილნი, თითქო მათი დღესასწაული არ იყო დღეს. ნამდვილად დღეს არავისი დღესასწაული არ იყო, იყო ოფიციალური დღესასწაული, იყო აუცილებლობა. ძალით გამოყვანილი ხალხი. მასსა, რომელმაც იცის საიდუმლო. მასსა.
(ხმალაძე, მილიციის უფროსი, სთხოვდა მანიფესტანტებს, ემღერათ გულით, მიქაძე ჯოხით უმასპინძლდებოდა ქუჩის მეორე მხარეზე გადამსვლელებს. ტ. რამიშვილი, ჟორჟ <ბახტაძე>, ნარკომ., ეალვ., ზორბა, ოდალმანდი, სერგო გერსამია).