ძალა - იარაღი
სამარადჟამოდ ვინც დაგვიკარგა
დაუკრეფელი სიცოცხლის ბაღი,
ვინც სიცოცხლეში დაგვასამარა
ის ძალა იყო, შენ - იარაღი.
თუ უკვდავების მომნიჭებელიც
ხვალ დამტირებლად გადაიქცევა -
რა უნდა გითხრა შენ, ვინაც პირველ
იგემე ხილი? ოჰ, ევა, ევა!
დრო მოვა და ჩვენ ცრემლით ციურით
ცივ სამარეში დავინამებით,
და ჩვენი ყოფნა ამქვეყნიური
გამოვისყიდოთ ტანჯვა-წამებით.
ტკბილია შხამი, თუ უმიზეზოდ
ბედნიერება მოიშხამება,
კვლავ დაგვიბრუნებს ბედნიერებას
და გულსაც გასწმენდს ჩუმი წამება.
[1944]