დღიური-661-12 - 1955 წელი
გ. ტაბიძე. 1955.
„ქართული ბალადის საღამო“
გალაკტიონ ტაბიძე - შესავალი სიტყვა.
გიორგი კალანდაძე - მოხსენება.
ხუტა ბერულავა - კონფერანსიე.
გალაკტიონ ტაბიძე - ვად....
შალვა ამისულაშვილი, ოთარ ჭელიძე, ნოდარ შამანიძე - ბალადები.
პატივცემულო ამხანაგებო!
დღევანდელი საღამო, რიცხვით მესამე, მიზნად ისახავს განაგრძოს ჩვენმიერ დასახული გზა - პირველი საღამო მიძღვნილი აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი, გულისხმობდა უკვდავ [გზას კალასიკოსებისას] შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და ვაჟა ფშაველას [სახით] მიერ გაკაფულ გზას. [ეს საჭირო იყო] ეს იყო კლასიკოსებისადმი მიძღვნილი საღამო. მეორე საღამო „ერთი ლექსის საღამოს“ სახელწოდებით ჩვენ ჩავატარეთ თანამედროვე ქართული პოეზიის ნიმუშების მოცემით.
ხოლო მესამე, ე. ი. დღევანდელი საღამოის მიზანია, დაწყებულ იქნას გაშუქება ჩვენი ხელოვნების სრულიად მივიწყებული ორი მხარისა: შემოქმედებითი და ტექნიკურის. თუ შემოქმედება, [როგორც ბევრი ამტკიცებს] ე. ი. უნარი მხატვრული შემოქმედებისა [იგივე თანდაყოლილი] იგივე ნიჭია, როგორც, მაგალითად, სილამაზე სახისა, ვთქვათ, თამარ მეფის, თინათინის, ნესტანის, ან ძლიერი ხმა, [(თანდაყოლილი)] როგორც ხმა ავთანდილისა, სარაჯიშვილის, მაშინ ეს ნიჭი შეიძლება და კიდეც უნდა გავაფართოვოთ, და მაშინ საჭიროა ლექსის ტექნიკის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა.
ნიჭი პოეტისა, პოეზიის ნამდვილი ოქრო შეიძლება გამოსჭვივოდეს ხშირად მოუქნელ წყობაში, ასეთი მაგალითები ცნობილია (გრ. ორბელიანის ლექსები, მაგალითად), რომ პოეტმა უფრო მთლიანად გამოხატოს, გამოავლინოს თავისი ნიჭი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სავსებით დაუფლებულია დიდს ტექნიკას, როდესაც მას აქვს ასეთი ფორმები და გამოთქმები, რომლებსაც მკითხველები იმახსოვრებენ ძალაუნებურად და სამუდამოდ.
არსებობს ტექნიკა მუსიკის, ტექნიკა მხატვრობის, ტექნიკა ქანდაკების, ტექნიკა ხუროთმოძღვრების, მაშასადამე, არსებობს აგრეთვე ტექნიკა პოეზიისა.
და ნამდვილად მიღწევები დიდი პოეტების, გენიალური პოეტების ტეხნიკური ოსტატობისა [მიღწევებისა] ხანგრძლივი, გულმოდგინე, თავდადებული მუშაობის ნაყოფია. დიდია ეს მიღწევები, მაგრამ ისინი შესწავლილნი არ არიან; [ჯერჯერობით არისტოტელიდან დღემდე [მე] არსებობს მეცნიერება პოეზიის].
ქართული მეოცე საუკუნის პოეზია მოვიდა და დამკვიდრდა [ბევრი] სრულიად ახალი რითმებითა და ასსონანსებით, ახალი ლექსთა წყობით, ახალი ხმოვანებით, შემოტანილი იქნა ახალი ფორმები (შემოვიდა ბალლადა, გაზელა, სონეტი, ოკტავა, ტერცინები, ტრიოლეტები, სექსტინა, რონდო, კანცონები და სხვ.).
და ჩვენ მოვალენი ვართ, ვიცოდეთ კანონები ყველა ფორმებისა, კანონები, რომლებიც უბრალოდ არ დამკვიდრებულან. ჩვენი პოეზიის ტექნიკას ათასწლოვანი ისტორია აქვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი და როდესაც ჩვენ კარგად შევისწავლით ხალხურ შემოქმედებასაც, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ახალი ფორმების აღმოჩენისა.
ძიებაში განმეორება სხვათა მიერ შემოტანილი სიახლისა სავსებით დასაშვებია. ცდების წარმოება - აი, ამოცანა თანამედროვე პოეტის.
ბალადა, პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი ურთულესი, მეტად საინტერესო, მაგრამ ამასთანავე მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ შეუსწავლელი ჟანრია.
თავისი წარმოშობით ბალადა ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან, ხალხურ პოეზიასთანაა დაკავშირებული.
დროთა ვითარებაში ბალადა გასცდა ხალხური შემოქმედების საზღვრებს და მხატვრულ-ლიტერატურულ მასალად იქცა.
მსოფლიო პოეზიაში ბალადის ჟანრის ფართოდ შემოჭრა და გავრცელება დაკავშირებულია რომანტიზმთან.
ბალადის ჟანრის მძლავრი აღორძინება იგრძნობა საბჭოთა პოეზიაში.
დღემდე არ მოგვეპოება არავითარი სპეციალური გამოკვლევა ქართული ბალადის შესახებ. კარგად ისიც არაა გარკვეული, თუ ხალხური შემოქმედების ან მხატვრული ლიტერატურის რომელი ნიმუში მიეკუთვნება ბალადის ჟანრს.
ჩვენ მიზნად დავისახეთ, ერთგვარი სინათლე შევიტანოთ ქართული ბალადის პრობლემის გამორკვევაში.
ამ მეტად რთული პრობლემის შესახებ აქ მოხსენებას გააკეთებს გიორგი კალანდაძე.
სიტყვა მოხსენებისათვის ეძლევა ამხანაგ გიორგი კალანდაძეს.
ოთარ ჭელიძე. არჩილ გურჯიძე.
[ცხრის ნახევარია].