დღიური-636-6 – 1-2 აპრილი, 1932 წელი
1 აპრილი.
მე [ვიდექი] მივდიოდი ოპერის თეატრის წინ, რუსთაველის პროსპეკტზე.
აი, აფიშებიც ჩემი იუბილეის შესახებ. კარგია, რომ არავინ, არავინ მამჩნევს. მე შემიძლია დავუგდო ყური, რაზედ საუბრობს ეს ზღვა ხალხი. გამოიარა, მაგალითად, მანდილოსანმა. მან შეხედა აფიშას, მერე ამ საზოგადოებას - და ცნობის მოყვარეობამ ერთ ადგილას გააქვავა, [კალათით ხელში საქმისაკენ მიმავალი მშრომელი ქალი. მის სახეზე აშკარადა სჩანს, რომ მას ძალიანა] რა კი აუცილებლად სურს შეიტყოს, თუ რაშია საქმე, და მიუბრუნდა იქ მდგომ ახალგაზრდას, ერთ ისეთთაგანს, [რომლებიც] ყოველ საღამო ხანს რომ ფშტვენით აყრუებენ [ტფილისის] ჩვენი ქალაქის ქუჩებს:
- შვილო, ვისა მარხავენ ნეტავი?
- [დედი, აბა, როგორ ჩამორჩით ეს ძველი] ეეჰ, სულ დასახვრეტი ხართ ძველი ხალხი, - [მკვირცხლად მიუგო] [გადიხარხარა] წარბ-მოხრით მიუგო ახალგაზრდამ, - [აბა, რომელ დამარხვაზე მეუბნები] რა უნდა აქ დამარხვას? [ოპერის თეატრთან] იუბილეა!
- რა ვიცი, შვილო, - დაშინებით თქვა მანდილოსანმა და სანამ თავის გზას გაუდგებოდა, მე [მომმართა] ჩამილაპარაკა: - გადირია ხალხი, სწორედ გადირია. "ჯან" ღვთის წყრომად რომ ეყურება [და... ეეჰ, გაიქნია მან თავი და დარბაისლად წავიდა. რანაირი] ასეთი ახალგაზრდობა გვეზრდება. თავს გაუვიდათ, ყოველ სიტყვაზე ებერებათ ის წითელი ნესტოები. არა, მართლა. ნეტავი ვის ასვენებენ ასე დიდის ამბითა, ა? ამ გაზეთში კი (გაშალა რომელიღაც გაზეთი) არც ერთი სამგლოვიარო განცხადება არაა!
ერთი გადახარხარება სიცოცხლეს მერჩია, მაგრამ თავი შევიკავე.
- აი, დღეც ასეთი უნდა! მაშ, არავინ მომკვდარა, რაღა, - ვუთხარი მანდილოსანს.
- იი, არავინ მომკვდარაო! როგორ გეკადრებათ, ყმაწვილო! - ჩაერია საუბარში მეორე ქალი. დღეს რაღაც სასწაულია და იმის გამოა. ხვალინდელი გაზეთი ნახე შენა, რომ სულ ერთად გამოცხადდებიან გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი მკვდრები. (რუს მათხოვარს, რომელიც ბავშით ხელში მოგვიახლოვდა) რამ გაგამწარათ, ასე შემოდგომის ბუზებივით რომ მოედეთ საქართველოს. დაგიჭერიათ ბავშები და დადიხართ. კარგი, დაიკო, გაიარ-გამოიარე და მერე მოდი.
მეორე მანდილოსანმა წყენით მიმართა პირველს:
- დაჩვეულნი არიან მათხოვრობას. გაიარე, მაგალითად, ლაღიძის წინ, სადაც ოდესმე ლიმონათი დაგილევია. შენ უსათუოდ შეჩერდები და მოისურვებ, კიდევ დალიო. მიჩვევაა, შვილო, ყველაფერი.
გამოჩნდა მეორე მათხოვარიც.
- იჰ, გამეცა იქითა! - დაიძახა აბეზარს მოსულმა მანდილოსანმა, - არა მაქვს. უმუშევარი ვარ. გაიარ-გამოიარე და მერე მოდი. თქვენი პარტია არ არის, რომ იძახის ღარიბ მუშასა და გლეხს გაუმარჯოსო. წადი და შენც იმათ მიმართე, რაღა მე ჩამაცივდი!
ასეთია, ხანდახან, მდგომარეობა ოპერის თეატრის წინ.
[მეშჩანები, ობივატელები!] ასეთია დემოკრატია!
[2 აპრილი].
აი, მაგალითად:
- რაო, იუბილეო? - ეუბნება ცოლს ზარხოში ქოსა კაცი, - იუბილეში არ ვიცი, მარა კაი კამპანიაში ათ ლიტრასა დავლევ. ღმერთმანი.
- დაიცა ერთი, დაიცა პატარა ხანს, - ეუბნებოდა ცოლი.
- რაო? პატარაო? რა ვუყოთ მერე, რომ ტანით პატარა ვარ. ნაპოლეონი და კუტუზოვი თუ დაბალი კაცები იყვენ, ვერ იყვნენ, აი!
- სად გაილეშე ასე უღმერთოდ?
- ღმერთი, აააა! ღმერთი მე მრწამს. მრწამს ერთი ღმერთი. ეხლა სხვაზე ვილაპარაკოთ. გაუმარჯოს, გაუმარჯოს. იცოცხლე, შენც გაგიმარჯოს, მეც გამიმარჯოს. იცოცხლე, გაცოცხლოს... დალიე, მხეცი კი არავინ არის აქ. (ახალგაზრდა კაცს, რომელიც მის ახლო შეჩერდება) არა, რას მიყურებ, ბიძია?!
- მე როდის გიყურებთ...
- არა, რას მიყურებ, ბიძია, თუ ჩემს წვერებს ითვლი, მე გეტყვი: სულ არის თორმეტი ღერი. დათვლილი მაქვს შენმა მზემ.
- ვაჰ! მე როდის გიყურებთ?
- ...და თუ ბოლშევიკი ხარ, ბიძია, ამასაც გეტყვი: პარტია, რომელმაც განიცადა დამარცხება და არ შესწევდა გამბედაობა, აღიაროს ეს, იდიოტების პარტია იქნებოდაო, ამბობდა ოდესმე კარლ მარქსი.
ახალგაზრდა კაცი დაშინებული მიდის და თან უკან იყურება.
- სუს! ხმა ჩაიკმინდე, არავინ გაგიგონოს, - ემუდარება ცოლი.
- განა გულით ვამბობ? - დამშვიდდა ქოსა, - მთელმა ქვეყანამ იცის ჩემი მეზობლური, ძმური, ამხანაგური, ნამდვილად ბოლშევიკური მიდგომა მიმდინარე [ეტაპისადმი] ეტაპზე.
და ბარბაცით წავიდა.
[მეშჩანები, ობივატელები!] ასეთია დემოკრატია.
აი, მაგალითად:
- რა დიდებული [სახლია] შენობაა ეს ოპერის თეატრი. სწორედ მეფურ გემოვნებაზეა აგებული. გვერდებზე ბაღი, წინ აივანი. შელესილი კედლები... რა სიმდიდრეა... გეგონება ცხრა მთას იქით გადამაფრინა რაღაც უცნაურმა ძალმაო. მერე რანაირად უყვარს იარაღი...
- ვის? გალაკტიონ ტაბიძეს?
- ჰო, ჩვენს იუბილიარს (თითქო ყოველი დღე იუბილიარი არ იყოს), თოფი, ხმალი, ხანჯალი, შუბი, ფარი, დამბაჩა, [მაუზერი].
- თქვენი მტერი! მე ეხლავე მეშინია.
- საშიში არრა არის რა. იარაღი უყვარს, რადგან ნადირობაც უყვარს...
- ოოოო.
- ნადირობა უყვარს ბაზიერით, ნადირობა მეძებრებით...
- ნეტავი, როგორი გარეგნობისაა.
- გალაქტიონი? წარმოსადეგი კაცია. ორმოცის ან ორმოცდა ხუთი წლისა. პირწითელი. მოკლე, მაგრამ სქელი წვერი აქვს, თვალები მუდამ ანთებული აქვს. პირში ხუთი ადლის სიგრძე ჩიბუხი უჭირავს.
- აბა, კაციც იმასა რქმევია, აი! ალბად, ამიტომაცაა, იუბილეის რომ უმართავენ, არა?
[- ერთი სიტყვით...]
- რა ვიცი, მას უმართავენ თუ სხვას. მონადირე კი ძალიან კარგია. ძაღლიც კარგი ჰყავს. მისი საქმეა, რომ ამ ტფილისის არემარეზე ნადირს ვეღარსადა ნახავ, გინდა წამლად გინდოდეს.
[ვუგდებ ყურს ამ ამბებს და გაოცებასა ვარ. საიდან სად დაიბადება ამნაირი გაუგებრობა. რომელი მონადირე მე ვარ]. მაშ ასე: ყოფილა ქვეყნად [კაცი] ხალხი, რომელთაც ჰგონიათ, რომ მე ზედმიწევნით ვიცი ნადირობის საქმე და წესები, ძირის-ძირობამდე შესწავლილი მაქვს ყოველნაირი ნადირობის წიგნი. ოო, ეს კარგი საქმეა; ჭაობებში დაბუდებული ის გველვეშაპი ვყოფილვარ, ზღაპარ-თქმულება რომ მოგვითხრობს. თუ ასე გსურს, დემოკრატიავ, შენი აზრი მართალია, სწორია, ნამდვილია, ბრძნულია. ნიჭიერი [კაციაო, ამბობთ თქვენ, პოეტი] კაცი იყო - ეს ერთია, და ამ ნიჭით, თუნდაც მონადირეობის ნიჭით, სამშობლოსთვის დახმარების გაწევა - მეორე. აკი, [ამბობთ, რომ] მე მაწერთ იმ [ამბავს] დიდ სიკეთესა, რომ ამ ტფილისის არემარეზე ნადირს ვეღარსადა ნახავ, გინდა წამლად გინდოდეს.
[ამ მწარე ფიქრებში რომ ვიყავი გართული...] გარეგანი შეხედულებით ეს [ახლა] ამბავი საკვირველს არას წარმოადგენს, სრულიად არაფერს, და მის აზრს რომ ჩაუკვირდებით...