შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მიყვარდა იმ დროს...


მიყვარდა იმ დროს ცხოვრების ღელვა,
და ბრძოლა, ბრძოლა მოუსვენარი,
ქარიშხლიანი წვიმა და ელვა,
თავზარდამცემი გრგვინვა და ქარი.
მიყვარდა ცქერა, თუ ვით იცოდნენ
იმედთან ბრძოლა ყოფნის ზვირთებმა.
მიყვარდა ზღვათა ძლიერ ტალღებთან
თავგანწირული სიმღერით შებმა..
უგრძნობელთათვის მგოსანი ვიყავ,
გრძნობიერთათვის თოვლი და ყინვა,
მე შენთვის წრფელი სიმღერა მქონდა,
სხვებისთვის კიდევ მწარე დაცინვა.

ეხლა მშვიდათ ვარ... საგაზაფხულო
წმინდა ჰაერით ვიკლავ დიდ წყურვილს.
ვუცქერ მშვიდ ცაზე ღრუბლების ცურვას,
და ვგრძნობ სულ სხვაგვარ ოცნება-სურვილს.
მიყვარს, როდესაც უგზო-უკვალოდ
დავეხეტები და იმით ვტკბები,
თუ სადმე ველად მიმალულ ყვავილს,
ან თეთრ ოცნებას თავს წავაწყდები!

[1910-იანი წლები]