მიწის თხრაში მთიელს ვერვინ სჯობნის
[ციკლიდან „პაციფიზმი“]
ბრწყინავს, მთებო,
ცეცხლისფერი დილა,
თვლების ღვარით
მოიღვარა ზვარი,
მიწას ორთქლავს,
იმნაირად თბილა,
მინდვრებიდან
აიზიდა ცვარი.
სულ მცირე რამ,
სულ იოტის გვარი.
გაშუქება
დედამიწას ყოფნის,
დააბრუნე
ნიჩაბი და ბარი: -
მიწის თხრაში
მთიელს ვერვინ სჯობნის.
საჭიროა
საძირკვლისთვის სილა,
თუ გზა უნდათ,
გაიყვანონ: არი!
ვაზის ჩაყრა,
ხეხილების ცხრილვა,
არხების და
გვირაბების ღვარი;
პაციფიზმის
სამარისთვის ბარი -
საკითხია
არყოფნის და ყოფნის,
დაუნდობლად
მიდის მთელი ჯარი,
მიწის თხრაში
მთიელს ვერვინ სჯობნის.
არქეოლოგს
ხელთ მივეცით წყვილი
ბიზანტიის
დროინდელი მკვდარი,
მან ფულებზე
წაიკითხა შლილი,
ათასი მზე
და ათასი ქარი.
სთქვა: მესმისო
ვერცხლისფერი ზარი
შორეულზე
შორეული ჩობნის,
დროთა სვლაში
თუ ის არის მყარი -
მიწის თხრაში
მთიელს ვერვინ სჯობნის.
პაციფიზმის
სამარისთვის ბარი -
საკითხია
არყოფნის და ყოფნის,
ჩვენ კი ვამბობთ
მჯობნის მჯობნი არის,
მიწის თხრაში
მთიელს ვერვინ სჯობნის!
[1930]