* * * როცა ანტანტა...
[ციკლიდან „პაციფიზმი“]
როცა ანტანტა შეუდგა სამხარს,
საღამო იყო
ჩუმი და სადა,
მათი სტუმარი
გასცქერდა სამხრეთს
და უჩვეულო
ძალავდა მადა.
როს გაათავა
ულუფა თავის,
სხვების ულუფას
გაუსვა ხელი.
თვალები მისი
ცქერაა სვავის,
სულ გადაყლაპა
და კიდევ ელის.
ანტანტამ ქვაბებს
მოხადა ქაფი,
წვნიან ჭურჭლებით
აივსო ველი,
სტუმარმა თავის
შეხრუპა ქვაბი,
ეხლა ანტანტის
ქვაბთ მიჰყო ხელი.
გაოცებული
იდგა ანტანტა:
ეს ბუმბერაზი -
ვინ მოერეკა?
მაგრამ სცდებოდა
მიუტევებლად.
სტუმარმა მან სთქვა:
ვარ - ამერიკა!
[1930]