პარიზელები უჩივიან მოწყენილობას
[ციკლიდან „პაციფიზმი“]
გზად ფრანგ გლეხებს მიესალმნენ
პარიზელი სტუმრები,
იერი აქვთ იმნაირი,
რომ ვერ გაეხუმრები,
ჩივის მოწყენილობაზე
მთელი მათი ყრილობა.
გლეხი ამბობს: ჩვენ არ გვესმის
რაა მოწყენილობა.
სიღარიბე, დამცირება,
ბრაზი, შეურაცხყოფა,
ჩვენთვის ისე ჩვეულია,
როგორც ჩალის ჩაწყობა.
მოწყენა კი... თქვენ გგონიათ,
როცა ხედავთ დანარგავს,
რომ დღეები სოფლად ყველა
ერთი მეორესა ჰგავს.
რომ გარშემო მწუხარება
არის პასტორალური,
სიმშვიდის და მყუდროების
ქარი დაჰქრის ფარული...
თქვენთვის, ქალაქელებისთვის
წარმოდგენა ძნელია,
რომ ყოველი გოჯა მიწის
მწარე ბრძოლის ველია,
ო, ნამდვილი ბრძოლის ველი
მძაფრი, დაუცხრომელი,
სადაც თქვენცა და ბუნებას
ცხარედ ებრძვის მშრომელი.
თქვენგნით ჩაგრულ ძველი ქოხის
უცნაური მცხოვრები
ცდილობს ხელით გამოგგლიჯოს
ყანა და საძოვრები.
ის სისხლით და ოფლით ებრძვის
თქვენს მოწყენილ მთქნარებას,
საუკუნეთ სვლაში უცდის
ერთხელ გამოდარებას
და ბუნებას ეომება
მისი ძალა ასკეცი,
საქონლისთვის ერთი ბღუჯა,
თვისთვის პურის ნამცეცი,
ამ დროს არა მყუდროება
და სიმშვიდე ჰფენია,
მის შუბლს დაღად ამჩნევია
გამწარების გენია.
ვაჰ, თუ გოლვამ გადახრუკოს
ასეთ შრომით ნათესი,
ვაჰ, თუ ზეცამ დაგვატეხოს
სეტყვა უზვიადესი.
ან თუ წვიმამ უბოლოომ
ჭაობებში ჩაალპოს,
ან კალიამ გააფუჭოს
ან სინესტემ დაალბოს.
ო, ჩვენ ვიცით, რომ არ არის
შუადღის მზით ელვარე
სოფლად სამუშაო დღეზე
რამე უფრო მღელვარე.
რომ დახატო ამნაირი
ბრძოლის დაუმცხრალობა,
რაა მწყემსის სალამური
ან ბულბულის გალობა.
საჭიროა აქ ორკესტრი
მშფოთარე და მქუხარე,
ის გაგიტანს, თუ რომ დროზე
გზას არ გადაუხარე.
მოწყენისთვის აქ ადგილი,
ერთი მითხარ მართალი,
სად არის თუ მინდვრად დგეხარ
როგორც მთავარსარდალი?
ზრუნვა დღეზე ხვალინდელზე,
ფიქრი სოფლის დარდებით
იმ გზებით არ ეშურება
თქვენ რომ მიემართებით.
მოწყენა კი, ის მოწყენა,
თქვენ წიგნში რომ სწერია,
სოფლის მტერი კი არ არის -
მხოლოდ თქვენი მტერია.
მოვა დრო და უსაქმურებს
გადაქცეულს ჩრდილებად
ეს მოწყენაც შეგეცვლებათ
სასოწარკვეთილებად.
[1930]