შუალედი - დან - მდე
 
 


სტიროდა ზეცა


[ციკლიდან „ეპოქა“]

ცის კამარაში ნისლის თეთრი
სცურავდა ღამე,
ბროლივით წმიდა, გამჭვირვალე
და მოკამკამე,
მიუწდომელი იყო იგი
ცაში მცურავი..
ფრთა-უზრუნველად თან მიმსრბოლი,
როგორც ტბის ნავი..
მაგრამ ჰა, ციდან დედამიწას
ცრემლი დაეცა...
და ყველამ იგრძნო, რომ იქ, მაღლა
სტიროდა ზეცა..
და ის ცრემლები მოწიწებით
მიიკრა გულზე,
ცის სიყვარულით დანანთხევი
მთის სიყვარულზე...
რა უსაზღვროა ყოფნის სივრცე
თვალუწვდენელი
და რამდენ რამეს თვალწინ გვიშლის
ობოლი ცრემლი..
და მაშ იტირე, უცხრომელად
იტირე ქნარო..
ვერსად იპოვო შვების სხივი,
იმედის წყარო!..

[1928]