ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის
ძველ სასახლეში ვეფხის ტყავებით
ფარავდა ვინმე გობელენს, მანდილს,
შვენოდა იგი ფერაყვავებით
აქ სადარბაზოდ მოსულ ავთანდილს.
ელავდა, როგორც ზმანება წუთის,
ზურმუხტი, ლალი და იაგუნდი,
ძველი ნანგრევი ვნახე გეგუთის
და, უხმო დროო, შენ მომაგონდი.
გამოჩნდა მაღალ სვეტთან თამარი,
რეტროსპექტივი, ლანდივით ჩუმი,
გამშრალთა ცრემლთა ნაწამწამარი,
მოეფინება მთელი სამუმი.
არაბეთიდან მოსული მონა
სდგას, მოიტანა შორით ფარისი
და სპარსეთიდან ლექსების კონა,
მიმოდის როგორც ტოტი ქარისი.
შორეულ დღეებს მახლობლად უზის
მცოდნე ჰაფიზის, მცოდნე გაზელის,
ცივი ოცნება შხეფავს აუზის.
ჩვენი დროც ისევ რუსთაველს ელის.
[1925]