გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი
[ციკლიდან „ეპოქა“]
არტილერიავ.
ტრანშეებში ჩაფლულო ჯარო,
ყველა ქვეყნებში
თქვენის სისხლით გაწითლდა ველი.
გინდათ თუ არა,
რომ ამოშრეს
ეს სისხლის წყარო?
მაშინ ძირს ომი!
ჩამოართვით ერთმანეთს ხელი!
ცხენოსანთ ჯარო,
მოთარეშევ ქარის სისწრაფით,
თქვენ არ ხართ მტრები,
თქვენი მტერი ხანაა ძველი.
გინდათ, რომ ძმობა
გაიჭიმოს მაგარი ძაფით?
მაშინ ძირს ომი!
გაუწოდეთ ერთმანეთს ხელი!
არტილერიავ -
უეცარი ცეცხლით ძლიერო,
გაუბიცის და
მორტირების გრიალი მწველი
იქ მიაშურეთ,
სადაც უნდა სამაგიერო,
აქ კი ძმებია,
გაუწოდეთ ერთმანეთს ხელი!
ჯავშნის გმირებო,
უძლიერესს რომ უძღვით ტანკებს,
შემოაბრუნეთ
ჯავშნიანი მატარებელი;
ნუთუ ვერ ამჩნევთ
ამ თხრილებში თქვენს ამხანაგებს,
რომ მოგიწოდესთ:
ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი!
ავიატორო,
გამბედავო ესკადრილიავ,
ციდან ტყვიების,
ყუმბარების და გაზის მღვრელი
გზა თქვენივ დედის,
თქვენივ დების სისხლის ჩრდილია,
ძირს მწარე ომი!
გაუწოდეთ ერთმანეთს ხელი!
ინჟინერებო,
თქვენი მწარე ტექნიკა ომის
შხამია, რითაც
ისუსხება ქვეყნად ყოველი.
ის ანადგურებს,
რაც ნაყოფი რამ არის შრომის.
მშრომელებისკენ!
ჩამოართვით ერთმანეთს ხელი!
დივიზიებო, კორპუსებო!
უცდით ბრძანებას,
როდესაც შტაბი,
მუქთახორა ტახტების მცველი,
მოითხოვს თქვენგან
თავგანწირვას და გაქანებას -
მაგრამ არასდროს!..
გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი!
რადიო, ფოსტა,
ტელეგრაფი, მორზეს ანბანი
ბატალიონებს
უმალავდა სად იყო გველი...
დღეს აგვისტოა -
მსოფლიოში ისმიან ხმანი:
ძირს მწარე ომი!
გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი!
1928