„ჩემი სამშობლო მანჰატანია“
[ციკლიდან „ეპოქა“]
ო, ამერიკა, როდის იქნება
ოკეანეთა ნისლი - სუდარი,
გაიფანტება და გამოჩნდება
ნიუ-იორკის ნავთსაყუდარი.
ყველა ქვეყნიდან - ქვეყნად დაუთვლელ
შენს სიმდიდრეებს უგზნებენ თვალებს,
სიმდიდრე ზღაპრულ სიღარიბესთან,
სიმდიდრე, დღეს რომ მრავალს აწვალებს.
ესაა კუთხე, ედგარს, უიტმენს
უგრძნიათ ფეთქვა დიდი ხანია,
„ვარ უიტმენი და ვარ კოსმოსი,
ჩემი სამშობლო მანჰატანია!“
[1928]