მიდუდუნებენ ზვირთნი მტკვარისა
[ციკლიდან „ეპოქა“]
მიდუდუნებენ ზვირთნი მტკვარისა,
სანამ ტფილისი შორით იგრგვინებს,
სამხედრო გზაზე ოქროსთმიანი
აღფრთოვანება მაწვდის გვირგვინებს.
მე პოეტი ვარ. ვერარა ძალა
შენს ოცნებაზე ფიქრს ვერ გამიქრობს,
"საით წაიღებ შენ ამ გვირგვინებს"?
წარსული ამბობს, წარსული ფიქრობს -
ახალ ეპოქის ვარ მე მხედარი,
დრო საკმარისი მიჩნს უკმარისად,
გზად იშლებიან თმანი ქარისა,
მიდუდუნებენ ზვირთნი მტკვარისა.
[1928]