მკაცრია ამ დროს
[ციკლიდან „ეპოქა“]
უეცრად ტალღა აღშფოთებული
ქუხს და გრიალებს,
ზღაპრული ნგრევა აგორებული
ფრთებს ატრიალებს.
რისხვა ქაფს იყრის და მრისხანებით
ჰაერში არხევს,
ვით ცეცხლის მარცვლებს, საზარელ ხმებით
შიშის მთებს არყევს...
გადახვეული აფრა ანძაზე
მიმოფრიალებს,
სტიქიის სული განგაშებს ზღვაზე,
ღრეობს, ღრიალებს:
ვერა, ვერ ითმენს იგი მონობას,
ყოფნასთან აფთრობს,
ომში, გრიგალში ათავსებს გრძნობას...
მკაცრია ამ დროს.
[1928]