შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობიანი სიმღერა დების


იფინებოდა ზღვების საბური
ტალღათა შორის ნავთა მმოსავეთ,
გამოქროლება ზეინაბური
და სილაჟვარდე უდაბნოსავით.

იფინებოდა ნათელ დღესავით
ალერსიანი შუქის ფერება,
გადაკარგული და ნათესავი
ძვირფასი დების ხმით ამღერება.

იმ ხმით ნათქვამი თეთრი გედები,
უმსუბუქესი ნისლით ფარული,
ისმოდა, როგორც შორი ედემი
და მხარეები ლეგენდარული.

საღამოს ქარში ჰქონდა გონება,
ღრუბლებში ჰქროდა ფერი ფარჩების:
ისმოდა ჰიმნი და მოგონება
ჩემი ომების და გადარჩენის.

[1925]