ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი
ის იყო შვიდი წლის ბავშვი.
მაისი, მინდორი, ჩიტი,
სიმღერა ოქროსფერ ნავში,
ზეცათა ლაჟვარდი ჩითი.
ო, შვიდი... ო, შვიდი წელი
ოქროსფერ, ოქროსფერ ნავით...
მოცარტი, შენიე, შელლი -
მოზვავდნენ ახალი ზვავით...
გავიდა კვლავ წელი შვიდი,
იმ ნავებს თან გაჰყვა რული,
მშფოთარედ გადიქცა მშვიდი,
გემების გამოჩნდა სული.
დაიმსხვრა გემების წყებაც,
ზღვა ქუხდა ბურუსში შავში,
ტალღებმა გააბეს ყეფა,
ტალღებმა წაიღეს ბავშვი.
ბრძოლისგან დაღლილი სახე
და ტყვია ჩამჯდარი თავში,
მე თვითონ დაჭრილი ვნახე
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი.
[1925]