შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

გულუბრყვილო და იისფერი ჩვენი თვალები
ძველ წელიწადთა რომანებში თუ იმალება.
და ყვავილები ჩვენი თეთრი თავსაფარავის
ისე, როგორც ჩვენ, აღარ ახსოვს ეხლა არავის.

ერთმანეთისთვის კარგის მეტი ჩვენ არ-რა გვინდა,
დილის სხივებიც არ არიან იმგვარად წმინდა,
ვით ჩვენი ფიქრი, სამუდამოდ გულს რომ დაყვება;
ცის ლაჟვარდივით სპეტაკია ჩვენი ზრახვები.

როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით,
ჩვენ მინდვრებისკენ სიხარულით მივეშურებით.
ვეძებთ ყვავილებს, ვიჭერთ პეპლებს, ისევ ის ისმის
ჩვენი სიცილი, ჟრიამული, ჩვენი კისკისი..

ამ სიცხისაგან ჩვენ გვიფარავს ქუდი ჭილოფის,
არ გვეშინია არც ჭორფლისა, არც დაღლილობის.
ჩვენი სამოსი უბრალოა - მსუბუქი ჩვარი,
ო, უფრო თეთრი ამ სამოსზე ქვეყნად არ არი!

კავალერები - რიშელიე და თვით აო-ბლაზი,
ან დე კოსადი - მათ იციან რა ჩვენი ფასი,
გვიგებენ ნაზი და ცბიერი სიტყვების მახეს,
რა ეშმაკურად ინაზებენ თვალებს და სახეს.

მაგრამ ამაო არის მათი ზრუნვა და შრომა,
ჩვენი კაბების ირონიულ ნაოჭთა კრთომა -
აი, პასუხი ღირსეული ამ ვაჟბატონებს,
არ დაინდობენ ისინი ხომ თვითონ მადონებს.

ამ გიჟებს ჩვენი სისპეტაკე უფრო აგიჟებს.
მართლა რომ ხელში ჩავუვარდეთ, აღარ გაგვიშვებს.
წმინდაა ჩვენი გულგრილობა და სულთა ცნობა,
თუმცა ხანდახან ჩვენი გული და ჩვენი გრძნობა

ამღელვარდება უცნაური რაღაცა ფიქრით,
ვაი თუ სადმე უფსკრულების ნისლებში მივქრით -
ჩვენ შიში გვიპყრობს, ჩვენ ვფითრდებით და ღელავს მკერდი,
მართლა არავინ შეგვიყვარდეს, არ გაწყრეს ღმერთი!

1925