შუალედი - დან - მდე
 
 


სვანურიდან


* * *

ო, საბრალო მირანგულა,
მირანგულა, დედის ერთა!
მთელი ღამე კოშკში იჯექ, -
შორის კლდეთა ქუდიერთა.
მუდამ ფრთხილო მირანგულა,
შენი გულიც ფრთხილად ძგერდა..
იქ ვახშამი საიდუმლოდ,
ქალთ მოჰქონდათ მშვენიერთა.

მაგრამ კუპრი გადაესხას
ოთხშაბათის იმ საღამოს,
მირანგულა არსადა სჩანს,
ამ არეს და ამ მიდამოს.
მაღალია მეჩხპარის მთა,
მაგრამ გზები დაკარგულა,
მირანგულაც არსადა სჩანს,
არსადა სჩანს მირანგულა.

თურმე მთაზე მირანგულამ
ბოლკარელი ბეგი მოჰკლა,
ცხრა წაართვა ბუღა-ხარი,
გზები გარე-მოიმოკლა.
მიმავალმა, მომავალმა -
მხოლოდ ერთი იცის კარგად,
რომ ძლიერმა საქონელი
სვანებს გამოსტაცა ხარკად.
გადმოლახა ქუდმაღალის
ბურუსი და ნისლის ქულა,
მირანგულამ ბეგი მოჰკლა
და გზას მოდის მირანგულა.

ცხრა მდევარი ბალკარიდან
დაედევნა: ზედი-ზედა -
მირანგულას მხარს თოფი აქვს,
მათკენ არც კი მოიხედა..
რვაჯერ, ცხრაჯერ იჭექებდა
მირანგულას თოფის ლულა..
ბოლკარაზე კლდე დაეცა,
და მეჩხპარზე - მირანგულა.
ბოლკარაში უშკულელი
მოდიოდა ამ დროს სვანი:
კლდის ნაპრალზე მომაკვდავი -
დაინახა პარტიზანი.
„თეთნულდაზე ერთი კლდეა
მზით და ქარით შელახული,
ოქრო, ვერცხლი და სპილენძი
იმ კლდეში მაქვს შენახული.
დაურიგდეს ღარიბ-ღატაკს!
მაგრამ მუდამ მხნეს და გულადს,
როგორც ჭირში ისე ლხინში
მიგონებდენ მირანგულას“.
გადმოაწყდა ხალხი მთაზე,
მირანგულა ნახეს მკვდარი.
შეუცხადა ლაპსკალის მთამ,
ჩუბუხევმაც მისცა ზარი.
უშკულს არ აქვს პურის ხვავი,
პურის კალო აქ არ არი -
გასალეწი პურის კალი
მუშურისა გორა არი,
პურის გასაშრობი არე,
კვლავ თეთნულდის არე არი.
სვანეთს ღვინო არ მოუდის,
გომბორს გავაგზავნოთ სვანი.
ხალხი ამბობს: ასწით თასი,
ასწით კათხა, ასწით კულა:
რომ ჩვენს მეხსიერებაში
უკვდავ იყოს მირანგულა.

მირანგულა, მარჯვე სვანი -
მასზე ლექსი სად არ თქმულა.
მდიდარს მტრობს და ღარიბსა ძმობს
ტყედ გაჭრილი მირანგულა.