ალექსანდრ ბლოკ
* * *
პუშკინის სახლის სახელწოდება
იქ, სადაც ბრწყინავს აკადემია!
ეს ცნობა, ეს ხმა და მოწოდება
გულისთვის განცდის ნაკადებია!
იგი - რეკაა ყინულთა დენის -
დღესასწაულის მსგავს მდინარეზე.
გახმაურება - როს შორეულ გემს,
ეძახის გემი უწინარესი.
ეს ძველის სფინქსის თვალი და ფიქრი
იმღვრევა ზვირთთა იდუმალ დენით -
ეს მხედარია, რომელიც მიჰქრის,
და მიჰქრის მარად უძრავი ცხენით.
ეს ჩვენი მწარე არის ვნებები
იდუმალ ნევის სნეულ ვნებაში..
ოდეს წყვდიად დღეს ვეგებებოდით
ღამეთა თეთრთა ელვარებაში.
რა ალმორეულ დღეთ სიშორეებს
გვიშლიდა რხევა ნევის წყალისა!
მაგრამ ვეძახდით: არა ამ დღეებს -
არამედ [დღეებს] მომავალისას.
უშვებდენ დღეებს სიმწარით მავალს -
ხანმოკლე სიზმრის გზაც მშვენიერი,
განსჭვრეტდენ დღეებს, დღეებს მომავალს
ნისლი, ნამქერი ლურჯ-ვარდისფერი.
და საიდუმლო თავისუფლებას,
პუშკინ, ვუმღეროდით შენის ქნარით.
მოგვეცი ხელი ამ გასაჭირ დროს,
ამ მუნჯ ბრძოლაში გვექმენი ფარად!
შენი არ იყო ის ხმა ფარული,
ტკბილის ჰანგებით რომ გვაქანებდა,
შენი არ იყო ის სიხარული,
იმ ხანად ჩვენ რომ გვაფრთოვანებდა?
აი, რად ისმის ვით მოწოდება,
რისთვის გულისთვის ნუგეშმცემია
პუშკინის სახლის სახელწოდება,
იქ - სადაც ბრწყინავს აკადემია.
აი, რად, როცა მზე დამებნიდა
და წყვდიადშია ჩემი კალამი,
თეთრი სენატის თეთრ მოედნიდან -
მსურს პუშკინის სახლს მივსცე სალამი!