შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შარშან თურმე...


შარშან თურმე ერთი მეტად საინტერესო ამბავი მომხდარა სამეგრელოში. ახალგაზრდა თავმომწონე მეგრელს განუძრახავს შორეულ სოფლიდან ლამაზი ქალის მოტაცება. წაიყვანა თურმე თავისი ძმად ნაფიცი კაცი, შესხდენ ცხენებზე და გასწიეს. მოიტაცეს ქალი და იმავე გზით გამობრუნდენ. ასაღამოვდა. დაღლილნი ერთ დიდი ტყეში ჩამოსხდნენ. თავი შეაფარეს მუხას. გაშალეს სუფრა და ძალიან დათვრნენ - ორივენი, გარდა ქალისა. სასიძო ეუბნება მეგობარს: „შენ, აი, რა გითხრა, შეჯექი ცხენზე და გასწი მამაჩემთან, ახარე, რომ ულამაზესი ქალი მოგვყავს“. შეჯდა მთვრალი მეგობარი ცხენზე და გასწია ბინისკენ - სამახარობლოდ. ღვინისაგან გონება-დაბნეული სასიძოც რაღაცაიზე შეჯდა ცხენზე და მასვე გამოუდგა. დარჩა ქალი მარტოდმარტო ტყეში. უკვე ღამეა, ქალმა გაიფიქრა: სად უნდა წავიდე? მივუშვებ ცხენს სადავეს და სადაც მიმიყვანს, ალბად, ჩემი მომტაცებელი ვაჟის სახლიც ის იქნებაო. ცხენი თავის სახლს როგორ ვერ მიაგნებსო. ასეც მოიქცა. ცხენი გაუდგა გზას და ცოტა ხნის შემდეგ მიადგა ერთ კარგად მოწყობილ კარმიდამოს - დიდის ქართულის ჭიშკრით.. დაარახუნა კარებზე. დაიძახა: „მაინძელო!“
- ვინ ხართ? - მოისმა ხმა.
- აქეთ მოგვხედე ელანძე, - უპასუხა ქალმა. მოვიდა ჭაღარით შემოსილი დარბაისელი კაცი.
- ვინა ხართ? - კიდევ დაიძახა მან.
- ქალი ვარ, - უპასუხა მან, - გზა ამერია, დავიბენიო... და თან ყველაფერი დაწვრილებით უამბო; თუ ეს ის ოჯახია, რომლისკენაც წამოვედი, ხომ კარგი, თუ არა და ღამეს გამათევინებთ, იმედი მაქვსო.
- მობრძანდი, ბატონოო, - შეუძღვა სახლში ქალს. თავის ცოლს უთხრა - აბა, პატივი ეცით [ამ ქალს] მანდილოსანს, [გზა] მხარი აქცევია, გზა არევიაო. მე კი მის ცხენს მოვუვლიო.
წაიყვანა ცხენი საჯინიბოში. აანთო სანთელი და რას ჰხედავს, ეს სწორედ ის ცხენია - შარშან რომ [სწორედ] მოჰპარეს! მისი საკუთარი ცხენი - კარზე მიუვიდა! დაბრუნებისას ქალს კიდევ გამოჰკითხა ამბავი. დაფიქრდა მოხუცი და აი, რა უთხრა:
- შვილო, დამიგდე ყური. ეს ცხენი ჩემი ცხენია - შარშან მომპარეს, ჩუმად წაიყვანეს სწორედ აი, ამ საჯინიბოდანაო. ეხლა ეს ცხენი თვითონ მოვიდა ჩემთან, და თითქოს რაღაც წერა იყოს, შენც თან მოგიყვანაო.. ამეღამ თქვენ აქ მოისვენებთ. მე მყავს ვაჟიშვილი, რომელსაც მეტს არაფერს ვუნატრებდი, გარდა თქვენისთანა მშვენიერი, ლამაზი ქალის ცოლად ყოლასო. დაათვალიერეთ ხვალ ჩემი ოჯახიც, ხვალვე ჩემი შვილიც აქ იქნებაო. იმედი მაქვს, მოგეწონებათ ჩემი ვაჟიც, ჩემი ოჯახიცო.
მართლაც, ყველაფერი ასე მოხდა. ეს ნამდვილი ამბავია და არა მოგონილიო, დაამატა მაიამ.

1941 წელი