შუალედი - დან - მდე
 
 


ბავშები


ბაღში ზღვის პირად იჯდა მოხუცი ქალი [შეშლილი ან ომში დასახიჩრებული].
ქუჩაზე მწყობრად მიდიოდენ პიონერები. მათ [დანახვაზე მოხუცს გაახსენდა] თავისი ბავშობა. იგი ფიქრობდა:
[მე მიმეძინა].
„აჰ... რა სიხალისეს ვგრძნობ: მე ისევ ბავშვი ვარ - ამას ყველაზე უფრო ვგრძნობ - მაცვია ჩემი საყვარელი ფერის - შავი ტანთსაცმელი, ოჰ, შავი ტანთსაცმელი. ყოველთვის გასაოცრად მიხდება იგი. დღე მზიანია - ვფიქრობ - რა იქნება სწრაფად, ძლიერ სწრაფად გავქანდე ზღვის ნაპირად მანამ, სანამდე სახლში მივიდოდე? მე მივეჩქარები, მივეჩქარები ზღვის ნაპირად - სადაც მორთულ-მოკაზმული ირევა ათასფერი ხალხი, საზაფხულოდ ჩაცმული, ქოლგებით, მოხდენილი სიარულით, სიცილით, ხმამაღალი ძახილით, სადაც დგანან ფერადი ხომალდები, და უცდიან ქარს შორს, ძლიერ შორს გასამგზავრებლად.. მე, სწრაფად მიმავალს, მაჩერებს ხმა: „დაიცა, დაიცა!“ ვიხედები - ახალგაზრდა გასათხოვარი ქალები დგანან და მეძახიან: მე მათთან მივედი, ერთმა მათგანმა დამიჭირა და დანარჩენებმა კისკისი მორთეს: გამიშვით, სასოწარკვეთილი ვიძახდი მე - მიმეჩქარება, დებო, ხომალდზე. ისინი კიდევ უფრო კისკისებდენ. ის ერთი მათგანი კი მკოცნიდა, მკოცნიდა. „აი, შენ, ყვავილები", - მითხრა მან და ხელი გამიშვა. მე მივქროდი, მიმქონდა ყვავილები და მესმოდა ქალების გულდაწყვეტილი სიტყვები: „რა ლამაზი ბავშია, არისტოკრატი, ახალგაზრდა დენდი, 8 წლის დენდი!“ ღირდა ამ სიტყვებზე დაფიქრება. მე მივდიოდი ზღვისკენ - მაგრამ მანამდე მოვხვდი - უცნობ ბაღში. აჰ, ეს ჩემი საყვარელი ბაღია, ჩვენი ცაცხვის ხეები, ჩვენი ჭადრები, ჩვენი ალუჩები. ალბად, შემოდგომაა, კაკლის ხეებიდან ცვივა კაკლები, ვაშლები მძიმედ დატვირთულან. ეს ჩემი ალუჩაა!! [სალამი, სალამი!!].
ო, როგორ გაჰქრა ჩემი ბავშობა. საითკენ მიდის საქართველო, საითკენ“.
ქუჩაზე მხიარულად მიდიოდენ პიონერები.

[1040-იანი წლები]