შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვეულებრივად ჩაიარა მოხუცმა...


[ეს იყო დილით;] ჩვეულებრივად ჩაიარა მოხუცმა პროსპეკტის მარჯვენა განივზე. მის სახეზე არაფერი ისეთი არ იხატებოდა, რის გამოც გამვლელები აუცილებლად უნდა შეჩერებულიყვნენ და დიდი ხნით თვალი გაედევნებიათ ნელი და ფრთხილი ნაბიჯით მიმავალი ფიგურისათვის. არაფერი ისეთი რამ არ განარჩევდა მას სხვა მის მსგავს მოხუცთაგან, რომლებიც ბლომად მიდიოდენ იმ დღეს იმავე გზით, იმავე მიმართულებით, სწორედ სამხრეთისაკენ.. [მიუხედავად ყოველივე ამისა, სწორედ ამ მოხუცის დანახვაზე გამვლელები პატივისცემით გზას უთმობდენ მას, ახალგაზრდობა კი] და არც არავის მოსვლია ფიქრად, პატივისცემით გზა დაეთმოთ მისთვის. არც ახალგაზრდობას მოსვლია აზრად, აუცილებლად შეჩერებულიყო და დიდხანს თვალი გაედევნებია ნელი და ფრთხილი ნაბიჯით მიმავალი მოხუცის ეხლა უკვე კარგა შორს მყოფ სილუეტისათვის. ო, მას არავინ არ ამჩნევდა, სრულებით არავინ. კარგა დიდ მანძილზე ერთი კაციც არ აღმოჩნდა, რომ მისთვის თავი დაეკრას, ან მისულიყოს და ჩვეულებრივი მოკითხვით მიემართოს: ხომ კარგად ბრძანდებით, ბატონო [იოველ] ანტონ, ხომ მშვიდობით..." არავინ, არავინ, სრულებით არავინ. იგი მიდოდა ნელა, წელში სამად მოხრილი მის დაღლილ ტანს სიარულის დროს ძლივს იმაგრებდა ბზის ჯოხი. სხვა მოხუცები კი უფრო წელაღმართულნი მიდიოდნენ იმავე მიმართულებით, სწორედ სამხრეთისაკენ. ისინი მიდიოდნენ წყვილ-წყვილად, სამ-სამად, ჯგუფებად, ეს კი, საცოდავი, მიდიოდა ერთად ერთი. სხვა მოხუცები სწუხდნენ ჟამთა სიავეს, დედაქალაქის სახის ცვლას, უცნაური [თაობის] ახალგაზრდობის მოვლენას. სჩივოდენ  ავადმყოფობას, ოჯახის მრავალ მტკივნეულ საკითხებს. „ეჰჰ“, - ოხრავდენ ისინი, - „ვაჰ, დრონი, დრონი, ნაქებნი მარად, წარვიდნენ, გაჰქრნენ სიზმარებრ ჩქარად“ ან და - „ახ, სულო, გულო, ავგუსტინ, დრონი იცვალნენ, იცვალნენ!“ ან კიდევ „დავბერდი, დავჩაჩანაკდი, წვერი შემექნა ჭაღარა, შინ ცოლშვილს მოვძულებივარ, მტერსაც ვუნდებვარ აღარა“. და [კიდევ] ისევ - „ვაჰ, დრონი, დრონი - ეეჰ!“ მაინც კიდევ რაიმე იმედს ატარებდენ გულში, ჩვენი მოხუცი კი ისეთი გამომეტყველებისა იყო, რომელსაც ცალი ფეხი, მართლაც, სამარეში უდგას და ამა ქვეყნის სრულებით არა ეკითხება-რა. მაგრამ ის მაინც ყოჩაღად მიდიოდა.
მოხუცმა ჩაუარა მუხრან-ბატონის სახლს, გაიარა ხეივანი სასახლის წინ და სასახლის ქუჩაზე შეუხვია - სათავადაზნაურო კლუბში, ქართულ თეატრთან, სადაც მოთავსებული იყო ერთ-ერთი ჩვენი ჟურნალის რედაქცია. მეცა და მოხუციც ერთსა და იმავე დროს შევედით რედაქციაში.
რედაქტორმა სიტყვა-უთქმელად გამოსწია მაგიდის უჯრა, იქიდან ვეებერთელა ხელნაწერი ამოიღო და მოხუცს გაუწოდა.
- ვერ მოვათავსებთ, მეტისმეტად დიდია... - მოკლედ მოუჭრა მან.
- ა? - ყურზე ხელი მიიდო მოხუცმა, ეტყობოდა ყურში კარგად არ ესმოდა.
- ვერ მოვათავსებთ, ბატონო ანტონ, დიდია, დიდი... - ხმამაღლა ჩასძახა ყურში რედაკტორმა, - ჩვენი ჟურნალი ამის ბეჭდვას სამს წელიწადს მოუნდებოდა.
- ა? სამას წელიწადსო?
- სამს წელიწადს-მეთქი.
- აა! მესმის. ას წელიწადს, [რა მაცხოვრებს] როგორ უნდა ვუცადო, შე კაცო!
ასე იყო თუ ისე, მაინცა და მაინც არ შეწუხებულა ანტონი იმის გამო - რომ მასალა დაუბრუნეს. [ასეთები] ასეთი რამ - ბევრი განუცდია თავის ცხოვრებაში, დიდი ხნის წინად, როდესაც ილია ჭავჭავაძეს ეომებოდა.

[1930-იანი წლები]