შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იგი გამოვიდა ძალიან ადრე...


იგი გამოვიდა ძალიან ადრე. გზა იყო თეთრად გადაცვარული.
დილის ნისლში და ბურუსში მას მოეჩვენა ვერონიკა.
თითქო ერთად მისცურავდენ მორევივით არეულ ბურუსში, თეთრი ნიჩბები ელავდენ, უახლოვდებოდენ ნაპირს.
მაგრამ არა, ეხლა შემოდგომაა. ის ნაპირები ცარიელია. მიტოვებული ნავი ფოთლებშია ჩაფლული. იგი გამოვიდა ძალიან ადრე.

მისი სული მიდიოდა უდაბნოში. ფეხები ეფლობოდენ მხურვალე ქვიშის ტალღებში. არსად არ იყო წყალი. არსად იყო ჩრდილი, იყო მხოლოდ ულმობელი ცა და ქვიშა. ყვითელი ხაზების აკვანში, ნიავთა სიგრილის ოცნებაში იზრდებოდა მისი მწუხარება.

ქვაფენილის მძიმე ლოდებზე იგი მიდიოდა შიშველი ფეხებით.

იგი იხუთებოდა, უძლურდებოდა ქვეყნიურ მტვერში და იგი კიდევ, საცოდავი, მადლობელი იყო ქვეყნის.

[1930-იანი წლები]