შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 22


ოლია! ნუ გამამტყუნებ, რომ ამდენი ხანი წერილი ვერ მოგწერე. არაფერი ჯერ არ გამიკეთებია და როდესაც საქმეებს მოვათავებ - შეგატყობინებ. მიდის აქ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად, ძლიერ უფერულად და უსიხარულოდ. ბინათ ვარ ჩუდეცკისთან. ერთხელ ჩუდეცკისთან მოვიდა მეორე მხატვარი, კროტკოვი, და დიდ ქაღალდზე დახატა ჩემი სურათი: ვერ წარმოიდგენ, რა შესანიშნავია. თანვე წაიღო. დახატული ვარ პროფილში. ჩუდეცკიმაც დაიწყო ჩემი სურათის ხატვა - ამ დღეებში დათავდება. 23 დეკემბერს ქალაქის თეატრში მაქვს სალიტერატურო საღამო. ძალიან მიშლიან ხელს, რომ საღამო კარგი გამოვიდეს - მაგრამ მოვაწყობ რამეს. სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს მე და გაფრინდაშვილი და იაშვილი. ძალიან დიდი ჩხუბი მოგვივიდა და ვუთხარით ერთმანეთს ისეთი სიტყვები, რომლებიც ამის შემდეგ დაახლოვების ნებას არ მოგვცემს. მე არ ვნანობ. ამ დღეებში გამოვა მეორე „ცისფერი ყანწები“. დიდი ამბებია, ერთი სიტყვით.. ჩემი ჯარისკაცობის საქმე ბურუსშია - რაღაც მეშინია გამოცხადება, ამ დღეებში მაინც გამოვცხადდები. აქ ჩამოვიდა ჩემი ძმა - მისცეს ორი თვის „ოტსტროჩკა“. პირდაპირ სასაცილოა ეს ამბავი! მიშელ ბოჭორიშვილი მიიღეს, მაგრამ შეიძლება მასწავლებლობამ უშველოს.. ამას წინად ფოშტაში ვიყავი და შემხვდა დათიკო.. წავედით ერთად სასადილოთ. ბევრი ვისაუბრეთ. დათიკო ამბობს, რომ ნუცა გადიდკაცდაო. გულგატეხილი ამბობს, რომ საზოგადოთ იცვლება რაღაც ხალხიო. ეჰ, ეგ მართალია, მართალია! მე მთლად ნერვებად ვარ გადაქცეული. ძალიან მწარეა ჩემი ცხოვრება, ძალიან!
ტიტე თურმე აქ ჩემზე ცოტათი ირონიულ წერილებს იწერება. Finita la comedia!
ალბად, სიცივეა ეხლა მოსკოვში, არა? არ გაცივდე, ოლი! აქ დაიწყო წვიმები და აღარ თავდება. შემოდგომის შთაბეჭდილებაა: „Настанет скоро осень, пора глухих ночей“. ნეტავი ეხლა შენთან ვიყო მანდ, მოსკოვში. ოლი, თავს მოუფრთხილდი, თავს მოუფრთხილდი! ყველაფერს მოესწრება კაცი, მაგრამ დაკარგული ჯანმრთელობის აღდგენას კი ვეღარ! ამასთანავე, ოლი, ილოცე ჩემთვის! ნეტავი გავიმარჯვებ თუ არა ამ საღამოზე? ოლი, არავინ ყვავილებს არ მოიტანს, არავინ! მაგრამ იმ დღეს ჩემთან განუყრელად იქნება შენი ოცნება, არა? მე ეს გამამხნევებს.. აქ ყველა ჩემი მტრებია!
ჩამოვალ მოსკოვში და უსათუოდ ვიცხოვროთ ერთად სადმე კარგ ოთახში, ყველასგან დაშორებით. უსათუოდ ასე სჯობია, არა?
ღმერთო! შენ იყავი ჩვენი ორივესი მფარველი.

სამარის კარამდი შენი გალ.

1916, 15 დეკ.

მიშა ჩამოვიდა, ჯერ არ მინახავს.
მანია დავინახე: ეტლით მიჰქროდა სადღაცა. კარგი ქალია.
რას შვებიან შენი მეგობრები?