შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 44


როდესაც თბილისში ჩახვალ, ასწონ-დასწონე მდგომარეობა და თუ მართლა დიდად გაწუხებს, ხმასაც ნუ დასძრავ, თუ არა, ისე დაელაპარაკე ვისმეს... მე წინანდელი ადგილი ჩემით ვიშოვე და იმისთვის არავინ შემიწუხებია... თუ მოაგვარო საქმე, მიდეპეშე: სამტრედია, ბერიას ქუჩა №54, ან და სამტრედია, რკინიგზის ათწლედი..
რაც არის... არის... ახლა შენზე... ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ შენ მკურნალობა დაგიწყია.. ნეტავ, შენში გარდატეხა მოხდებოდეს იმ მხრივ, რომ თავისთავზე იზრუნებდე, ჯანმრთელობას ყურადღებას მიაქცევდე და მე მეტი არაფერი მინდა.. შენ ჯანმრთელობაზე არის დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება. არ იფიქრო მატერიალური, ან სამსახურებრივი ან სხვა (მე ჩემ დღეებს, როგორც იქნება, გავატარებ). არა, ეს იქნება უდიდესი კმაყოფილება ზნეობრივი და სულიერი დამშვიდება.
რაც უნდა ხალისიანად ვიყო, როგორი სასიამოვნო წუთებიც არ უნდა მქონდეს, როცა მოვა <...> ვიღაც გარეშე, შეიძლება ძალიან დაბალი ადამიანიც და რომ მეტყვის, ამას წინედ ასე იყო... ამნაირად მივიყვანე, მეორე დღეს არაფერი ახსოვდა და სხვა, ყველაფერი ჩამეშხამება და თითქმის ცხოვრებაც შემძაგდება...
და ასეთ მდგომარეობაში, როცა ცოტათი სხივი მოეფინება, იმედი გაჩდება, რომ კაცი თავისთავზე ზრუნავს, წაეტანები ამ იმედს და ხალისი ბრუნდება, ცხოვრებაც გიყვარს და ყველაფერი სასიამოვნოდ გეხატება...
იყავი კარგად, კარგად!
მადლობელი ვარ, რომ აბაზანებს ღებულობ და თავისთავზე ზრუნავ... ნეტამც ეს ზრუნვა დიდხანს გაგრძელდებოდეს..
18 ამ თვეს თბილისში ჩავედი.... ყველაფერი ისეა სახლში, როგორც დავტოვე.. ერთი ლამფოჩკა მქონდა დატოვებული, იმ განზრახვით, რომ არ ეგონოს ვინმეს, სულ არავინ არისო... ისე ანთებული დამხვდა და ისევ ისე დავტოვე. წამოვიღე ჩემი შარვალი და საცვლები, რომელიც დატოვებული მქონდა. დღეს ჩამოვედი სამტრედიაში და ამ წერილს სამტრედიიდან გწერ... შენგან გამოგზავნილი წერილი დამხვდა თბილისში. ტელეფონი არ მუშაობს... გამოსასვლელი დღე იყო და რომ გადამეხადა, ვინ ჩაიბარებდა ფულს? რომ ჩახვალ, უთუოდ გადაიხდი. ეულსაც არ დავლაპარაკებივარ... მაქედან მიწერე ამ წერილის მიღებისთანავე. ორ სიტყვას ვერ დაწერ? აბა, შენ იცი, თუ წერილს მომწერ... წერილს გულახდილს, გულწრფელს.. რა საჭიროა, რომ ჩვენ გულჩახვეულნი ვიყოთ – რომ ჩახვალ, თუ საჭიროდ დაინახო, იზრუნე ჩემ საქმეზედაც. მაგრამ უმთავრესად გახსოვდეს მუდამ შენი ჯანმრთელობა და შენი კარგად ყოფნა, ნეტა თუ მოვესწრებით იმ დროს რომ გავიგო, გალაქტიონი კარგადაა, მუდამ ფხიზელია და [...].

შენი ძმა [თუ ასე მიგაჩნივარ] აბესალომი

წერილი მიღებისთანავე.
სამტრედია. ბერიას ქუჩა №54.

უთარიღო