შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომი - გალაკტიონს - 41


სალამი და დღეგრძელობა ნინას და გალაკტიონს!

გუშინწინ ნელა, ჩაფიქრებული ამოვდივარ ეზოში. დაბლა სართულის ოთახიდან ქალი გამოვიდა და სიჩქარით მითხრა: თქვენ სახელზე დეპეშააო. უთუოდ დიდი აღელვება შემატყო, რომ მაშინვე დაუმატა: ცუდი არ გეგონოთ, კარგი ამბავიაო. ვნახე – თქვენი დეპეშა იყო და ძალზე ნასიამოვნები დავრჩი. კარგად არიან, ისვენებენ – ეს ხომ დიდი ბედნიერებაა!
აქეთ არგაგონილი სიცხეებია. ქვაფენილები თითქოს დნებიან, სული გეხუთება ადამიანს და, რაც მთავარია, ეს სიცხეები შეუნელებელია – საღამოსაც კი ისეთივე „თაკარაა“ – ამბობენ, რამდენიმე წელიწადია ამგვარი რამ თბილისში არ ყოფილაო. კარგია, რომ ამ დროს აქ არ დარჩით.
ახალი არაფერია. ჟურნალ-გაზეთებში ლიტერატურული მასალის სიმცირეა. საყურადღებო ნაწარმოებები არ სჩანს, „წვრილფეხობა“ იღებს მონაწილეობას და რომ გაგიტაცოს, ისეთი რამ ერთიც არ არის.
მე ჯერჯერობით აქა ვარ. დავრჩები კიდევ სამ-ოთხ დღეს, თუ მეტი არა. წიგნაკებს მივიღებ და მერე მივაშურებ ჭყვიშს. 22-23/VIII – ისევ ჩამოვალ თბილისში და შევუდგები მუშაობას. მე ვფიქრობ, და ეს ასეც უნდა იყოს, რომ თქვენ კიდევ გააგრძელებთ მანდ დარჩენას, რადგან აგვისტო – ეს ძველით ნახევარი ივლისია – ყველაზე უფრო ცხელი თვეა და არც ერთი ჭკუადა-მყოფი ადამიანი ასეთ სიცხეში არ მოინდომებს აქ ყოფნას.
იყავით კარგად. დაისვენეთ – გალაკტიონ, შენ ბევრი გაქვს გაკეთებული და ახლა დროა შენს ჯანმრთელობაზე სერიოზულად იფიქრო. „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. შენი სიჯანსაღე საჭიროა ქვეყნისთვის, უპირველეს ყოვლისა, და მერე ჩვენთვის, ვისთვისაც ასეთი ძვირფასი და საყვარელი ხარ.
მოიწერეთ წერილი – Самтредия, ж/з. дом №12, მასწავლებელ ტატიანა ტაბიძეს. მეორე კი ასე: სამტრედიით – ვანის რაიონი. ჭყვიში. პროკლე ტაბიძეს.

აბესალომი

1947 წ. 23/VII. თბილისი