შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 30


მე ჩამოსული ვარ – კარები რომ გავაღო, არ შეშინდე.

აბესალომი

27/VI. [1938]

გალაქტიონ!

ყოჩაღ!
ეგ არის შენი დაპირება?
შეხვდებოდი კიდევ ვიღაც ოხრებს (აბა, ადამიანს ხომ არ მიეკარები), დალევდი ღვინოს და არც ძმა გახსოვს და არც თავი.
ვაი, ჩემო დღეო! როგორ იმოკლებ სიცოცხლეს?! როგორ იხდი თავს ქვეყნის სამარცხვინოდ. ვფიქრობ, გრძნობა გაქვს, დილით სრულ ჭკუაზე ხარ და რა გემართება? ნუ თუ არ გყოფნის იმოდენი გამბედაობა, ნებისყოფა, რომ თავი შეიკავო? პაპანინმა ცხრა თვე ყინვაში გაძლო, მფრინავები ამერიკაში გადაფრინდენ და ამ გმირობის ხანაში შენ ისიც ვერ შეძელი, ბრძოლა გამოუცხადო ღვინოს და შენი ენერგია სხვა საქმისკენ მიმართო.
გალაქტიონ! გეხვეწები, თავს უშველე – მოშორდი თბილისს, მოშორდი იმ საძაგელ ხალხს, რომელთაც მიზნად დაუსახავთ შენი დაღუპვა, ღვინოში ჩახჩობა! (როგორ მეზიზღებიან ისინი). მე მივდივარ, მაგრამ ვაი ამ წასვლას. ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, იქნებ, სადმე ქუჩაზე აგდია და პატრონი არავინ არის... თეთრი ტუფლები გიყიდე. თუ ფეხი არ ჩაგივიდეს, შეინახე – არ გაყიდო... თუ საჭირო ვიქნე, დეპეშით მაცნობე: ტობანიერი – პროკლე ტაბიძეს.
აუცილებლად სანატორიუმში! აუცილებლად!

28. VI. 1938 წ., ღამის 10 საათი