შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 12


ძმაო გალაქტიონ!

შენგან გამოგზავნილი დეპეშა გუშინ მივიღე: მინდოდა დეპეშითვე მეპასუხა, მაგრამ გადავიფიქრე და წერილს გიგზავნი.
საინტერესოა, რატომ წერილი არ გამოაგზავნე, რატომ არ გვატყობინებ შენს ამბავს? რა დაემართა შენ წიგნს? არაფერი ისმის არც გაზეთებში და არც შენგან. ხომ არ შეგფერხებია საქმე? გაზეთებს ყოველდღე ვათვალიერებ და ვკვირობ, შენზე სიტყვაც არაა! ამ დღეებში იყო მოთავსებული „საუბარი ბარონ ბიბინეიშვილთან“. ჩამოთვლილია, თუ რა წიგნები გამოუცია სახელგამს და რის გამოცემას ფიქრობს ამ მოკლე ხანად და შენი წიგნის შესახებ კი არაფერი უთქვამს. ყველაფერი მოსალოდნელია! ნურც იგი გაგიკვირდება, რომ წიგნი არ გამოვიდეს?! ვიყოთ კარგათ, აი, უმთავრესი და დანარჩენს ყველაფერს მოვესწრებით.
ხანდისხან, გალაქტიონ, მე გამიელვებს ის აზრი, რომ შენ აქაურობის არაფერი გაინტერესებს. წერილი სრულებით არა! ჩამოსვლაზე ფიქრი ხომ არა და არა! გაჭივრების დროს ხელის გამოწოდებაზე ხომ ოცნება ზედმეტია და ზედმეტი! და ყველაფერ ამას რომ გავიფიქრებ, რაღაც მწარე ნაღველი შემომაწვება გულზე... სწორედ ამნაირი სულიერი მდგომარეობა იყო დეპეშის მიღებამდე. მაგრამ ასეთი მდგომარეობა ხანგრძლივი არ არის! მალე ქრება და გულს მხოლოდ ერთი აზრი ეუფლება: „როგორიც უნდა იყოს, მაინც ჩვენი გატუნიეა, მაინც ჩვენი ძვირფასი გატუნიე: ცხოვრებაში ბავშვი და აღმაფრენით კი დიდი პოეტი; ჩემი ძმა, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად“... და აი, ასეთ დროს, მხოლოდ ასეთ დროს ვიღებ კალამს ხელში წერილის მოსაწერად...
დედა ჩემის შესახებ მეკითხები დეპეშით. კარგათ არის და შენ ხშირად გიგონებს! უნდა ნახო, რა ნაირად გაუბრწყინდება თვალები, რა ნაირად უღიმის სახე, როცა შენზე ელაპარაკება ვინმეს! რაოდენი სიამაყეა მის სიტყვებში!!
ჩემი მდგომარეობა ასეთია: კარგათა ვარ. ჯერ-ჯერობით ვალი ათას ორასი მანეთი მაქვს. მთლად არ მომითავებია სახლი და არც გადავსულვარ საცხოვრებლად. რაღაცეები კიდევ მაკლია, საყიდლები მაქვს და ვინაიდან ფულის დიდი კრიზისია და სასესხებლათაც ვერ ვიშოვე, ამიტომ ჯერ-ჯერობით შეჩერებული ვარ. გაყიდვით არაფერი გამიყიდია და ვფიქრობდი, არ გამეყიდა სახლი, მაგრამ როგორ წავა აწი ჩემი საქმე, არ ვიცი. სარგებლიანი ვალი საშინელებაა და რას მაფიქრებიებს, ვინ იცის!!
მომწერე წერილი საჩქაროთ, მიღებისთანავე. ყველაფერი შენი ამბავი მომწერე დაწვრილებით. წინეთ მარკა გამოგიგზავნე საპასუხოთ. ეხლაც ხომ არ უნდა გამომეგზავნა?!!
მოკითხვა ოლიას!

აბესალომი

29. XII. 1926  წ.

P. S. ამბერკის ვალი, რაც მქონდა, სულმთლა გავისტუმრე. ნამეტანი ხშირ-ხშირად აგზავნიდა დეპეშებს: უთუოდ ნამეტანი ესაჭიროებოდა. დღემდე მქონდა გადახდილი 935 მან. დღეს ვისესხე 65 მანეთი და ფოსტით ვუგზავნი. პოლიკარპეს ამ დღეებში უნდა მივსცე ორასი მანეთი და ვეძებ სასესხებლათ.

2 იანვარი, 1927 წ.