შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 3


ძვირფასო ძმაო აბესალომ!

შენი წერილები ბაკურიანში მივიღე, მაგრამ ამდენი ხანი ვერ გიპასუხე დიდი ხნით სულიერად დაუმშვიდებლობის გამო.. ისეთი აპატიით ვიყავი გარემოცული, რომ კალმის ხელში აღება არ შემეძლო. ხომ იცი, ჩემი ჩვეულებრივი მელანქოლია როცა დამიბყრობს, ყველაფრის ხასიათი მეკარგება. ბაკურიანში მომკლა ამ მელანქოლიამ. აქ ათასგვარი გასართობებია, მშვენიერი ბუნება, სულ ფიჭვები და ნაძვები, როცა ტყეში გახვალ (ირგვლივ სულ უზარმაზარი ტყეებია) მშვენიერი სუნი სდგას, ჰაერი ფიჭვის სუნითაა გაჟღენთილი... არიან მთები, საიდანაც დიდებული საყურებელია მზის ამოსვლა; მე ვნახე მზის ამოსვლა ცხრა-წყაროს მთიდან, და დიდი ხნით მემახსოვრება იგი. ათასი წყაროები და ნაკადულები, საღი ჰაერი.. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რომ ადამიანმა მართლა დაისვენოს, მაგრამ ჩემთვის აქ თითქო არაფერი არ არსებობდა. პარკში ყოველდღე ვთამაშობდით ისეთ გასართობებზე, როგორიცაა კეგლი, ლაონ-ტენისი, ლოტო და სხვ. ეს მხოლოდ წყალწაღებულის ხავსზე მოკიდება იყო. ეს გასართობები ისე მართობდენ, რომ მათზე შეჩერებაც არ ღირდა. დრო და დრო ვაკეთებდი ექსკურსიებს წაღვერისკენ. მინდოდა ბაკურიანიდან წაღვერში გადასახლება, მაგრამ იქ უფრო შფოთიანი ცხოვრება იყო, სწორედ ისე, როგორც ქალაქში და არა სააგარაკო ადგილზე. ქალები კორსეტებით დადიოდენ, მამაკაცები გალსტუკებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქო ეს ხალხი სრულიადაც არ იყო ჩამოსული დასასვენებლად. ბაკურიანში ქუთაისიდან რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა, ესენი ქუთაისშიდაც მეზარებოდენ და აქ ხომ თვალის დასანახავადაც მეჯავრებოდა ყველა. სხვათა შორის, ადგილობრივ მღვდლად არის შენი ამხანაგი ინოკენტი სხირტლაძე. ისეთი სასაცილო ვინმეა, რომ პირდაპირ მეშინია მასთან შეხვედრა, რომ არ გამეცინოს და არ შევრცხვე.. ამას წინად ცხენი შემომთავაზა გასასეირნებლად მთებში, მაგრამ მე უარი ვსთქვი, რადგან ცხენი სრულიადაც არ უვარგა. ცხენი სხვას ვთხოვე და მთელი დღის განმავლობაში იგი ჩემს განკარგულებაში იყო.

[ივნისი-ივლისი, 1915]