შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 48


ძვირფასო ოლია! მე შენთან დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში წერილი ვერ მოგწერე. მაგრამ შენ მაპატივებ, რადგან კარგად იცი ჩემი დაუდევრობის ამბავი. აი, დღეს, აი, ხვალ და ასე - მირჩება. რა თქმა უნდა, არაა ეს კარგი საქმე. მე თვითონ ვიცი, მაგრამ ვფიქრობდი მალე წამოსვლას და „წერილი რაღა საჭიროა“ მეთქი - ვფიქრობდი.
ეხლა გადავალ მეორე „საქმე“-ზე. აქ მე მივიღე დაზღვეული წერილი, რემინგტონზე ნაბეჭდი, წერილი ანონიმურია და სავსეა პირადათ ჩემთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით: უსინდისო და სხვ. ეს ნიღაბამოფარებული ავტორი, სჩანს, ძალიან დაახლოვებით გიცნობს შენ, რაც სავსებით გასაგებია. ხომ არ იცი, ვინ არის ეს სუბიექტი? იგი შენ გთვლის იშვიათ ქალად, განსაკუთრებულ ქალად მე-20 საუკუნეში. მას შეცდომით წარმოუდგენია, რომ სიტყვა „ანაქრონიზმი“ საქები სიტყვაა. ეს არაფერია, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ იგი საზიზღრად იგინება.
რა საჭიროა ანონიმური ავტორისთვის ყოველივე ეს? აქ მან ნიღაბი აიხადა და ჩემს თვალწინ სდგას მისი „ჯენტლმენური“ ფიზიონომია. მან, ალბად, არ იცის, რომ ასეთი სულ უკანასკნელი სიტყვების თაიგულით, იგი სდგას თავისი ნამდვილი რეალური სახით, თავისი ინტიმური ცხოვრებით, და სხვ. და სხვ. განა შეიძლება ასეთი ურიგო და უწესო სიტყვების თქმა? ამ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვებით იგი თავისდა უნებურად იძლევა ერთნაირ თვითდახასიათებას, სწორედ თავის „ფოტოგრაფიულ სურათს“. ჩემს წინ სდგას იგი მართლაც უზრდელი, [ხეპრე] თავისთავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ყოყლოჩინა, ძლივს-ძლივას რამდენიმე კულტურული სიტყვის მცოდნე, პატარა, ძლიერ განსაზღვრული ჭკუის მქონე კაცუნა. მან სულ რამდენიმე სიტყვაში სთქვა თავისი თავი. იგი ამბობდა ჩემს შესახებ და უფრო მეტად თავისი თავის ისტორია გამოააშკარავა. და ეს ყველაფერი მან სთქვა ერთ წერილში; წარმოვიდგინოთ, ამ სიტყვების მიხედვით, რა იქნებოდა მისი „თხზულებათა სრული კრებული“? ასეთი „სტილი“ ბევრს შეიძლება რევოლიუციონერობა ჰგონია, და მე არ შევსცდები, თუ ამ წერილს გადავუგზავნი მუშათა და გლეხთა ინსპექციას. [შენ] იქ, ალბად, გამოარკვევენ (ოლია, თუ შენ იცნობ მას, გადაეცი, რომ გინება არ შეიძლება, რომ ზრდილობის გარეშე წარმოუდგენელია წერილობითი ურთიერთობაც-კი. ასეთი წერილები შეგაძულებს „ადამიანს“).
მეტი არაფერი. მომიკითხე ტფილისი, რომელსაც, ალბად, მალე, ამ დღეებში ვნახავ.
აქ გაზაფხული დადგა. ველით წყალდიდობას. სულიერი განწყობილება დიდდება და თბება ამიდების ტემპერატურასთან ერთად.
ნახვამდის, ოლი, მალე ჩამოვალთ.

შენი გალაკტიონი

[1920-იანი წლები]