შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 37


მხურვალე სალამი, ჩემო ოლია. შენ მშვენიერად იცნობ ამ თაგვებს, რომლებიც ჩემს გვერდით სცხოვრობენ კრილოვის ქუჩაზე. როდესაც შენ ამბობდი, ჩემი წასვლის შემდეგ თავზე დაგაჯდებიანო, მარვათალი იყავი თურმე: 1. ის დამტვრეული მაგიდა ჩემს ფანჯარას მიადგეს. 2. თავიანთი დამტვრეული კრატი ზედ ჩემს კარებს მოაყენეს. 3. მთხოვეს იატაკის გასაწმენდი ტილო და აღარ მიბრუნებენ, ოთხი დღეა. 4. ჩემს კარებთან ყრია პაპიროსის ნამწვავები იმდენი, რამდენიც ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. 5. შეღამებიდან გათენებამდე სწორედ ჩემს კარებთან განუწყვეტელი რომანული ჟღურტულია, რომელმაც ლამის თავი მომაკვლევინოს. 6. შემდეგ ეს ყველა დემეტრაძეები აწარმოებენ პროპაგანდას ჩემს წინააღმდეგ თავიანთ პარტიულ ორგანიზაციებში. 7. როდესაც მე მკითხეს, ოლია სად არისო, მე ვუთხარი, რომ იგი ლენინგრადშია. მათ ეს ძლიერ გაუხარდათ და სწორედ ერთი საათის შემდეგ დაიწყეს „რეფორმები“. 8. გუშინ დავბრუნდი ღამით: სანავთე ბოთლები აივანზე ყველა წაქცეულიყო და ნავთის სუნის გამო ვეღარ გაჩერდებოდი. 9. მოიგონეს რაღაც „სუხარები“, პურს სჭრიან და ახმობენ ჩემს ფანჯარასთან. 10. როდესაც მე მძინავს, დადგებიან ჩემს პირდაპირ დიდი შიშველი ბარძაყებით, გადაჰყურებენ ქვევით და ალბათ, ფიქრობენ, რომ მე [შემიძლია] ისინი მაინტერესებენ. ისინი მხოლოდ შურს ძიობენ იმის გამო, რომ მე მათ არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ, როგორც ქალებს, მე ისინი მიმაჩნიან მხოლოდ ბოზებად. ამიტომ ძალიან არიან გაბრაზებულნი. მე ძლიერ მიხარია, რომ ისინი გაბრაზებულნი არიან. მე არავისში არ გავცვლი ერთს ძვირფასს, ყველაზე უფრო საყვარელ ადამიანს, ოლიას.

გალაკტიონი

[1929 წლის აგვისტო]