შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 33


ძვირფასო ოლია. შენმა უკანასკნელმა წერილმა მეტისმეტად გამაოცა. ასე აღელვება არ ვარგა. მართალი ხარ, შენ ორი კვირის წინად მომწერე წერილში ინსპექციაში შევლის შესახებ და მე კი, წარმოიდგინე, ეს გადამავიწყდა... პირველად მეგონა, რომ სრულიად უბრალო რამაა, სერიოზული საქმე კი ყოფილა. იმ წამშივე მივედი ინსპექციაში და ქაღალდი გამოვართვი. ჯუმბერი არ იყო, ის დიდი ხანია შვებულებაშია. იქ დამხვდა ბუჰღალტერი და შენი მეგობარი ქალი - საყვარელიძეა, მგონია. აი, იმათმა მომცეს ეს ქაღალდი, თანაც იმ ქალმა მოკითხვა შემოგითვალა და შენი ამბავი იკითხა. ერთი რამ ვერ გავიგე: შენ იწერები, საჭიროა ცნობა, თუ რამდენს ვიღებ ჯამაგირსა. ისინი სწერენ: იღებდა. როდესაც მე შევეკითხე ამის შესახებ, მათ თქვეს, რომ პირვანდელი (ჯუმბერის) ცნობაც ასეთი იყოო. მე ვიფიქრე, რომ ამ გარემოებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს და გამოვართვი ეს ქაღალდი. დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის. ქსენიამ მიამბო თქვენი ამბავი. თან სიცილით მითხრა, რომ ოლია გავაბრაზე და ბევრი ტყუილები ვუთხარიო. რა სისულელეა! მუშტაიდში მე მხოლოდ თვითონ მას და ერთ მის ამხანაგს შევხვდი სულ რამდენიმე წამით: მითხრა - ბორჯომში მივდივარ. მე ვუთხარი, თუ მოვასწარი, წერილს გაგატან მეთქი. ეს იყო და ეს.. მას რაღაცა უხუმრია, შენ ნამდვილი გგონია? ალბად, ხუმრობით მეც მითხრა ბორჯომის შესახებ, ვიღაცა მწერალიო და სხვ. მე, აბა, ამას დავიჯერებ? ყოველ შემთხვევაში, შენ „ჭკვიანი“ ქალი ხარ. ასეა საქმეები - აქ. ამის შესახებ ეხლა კმარა.
გიგზავნი აგრეთვე აბესალომის წერილს. პირები, რომლებსაც ის ასახელებს ნარკომპროსში არიან. ჯერ შენი საქმე გააკეთე, მერე ეს.
ეს წერილი მოვიდა აქ შენს სახელზე; [ალბად, მან არ იცოდა] მე გიგზავნი, - თუ რამე შეგიძლია, ძალიან კარგი [საქმე] იქნება. თან ეს საქმე ძალიან და ძალიან სასწრაფოა. მოსწერე აქ ვისმეს წერილი. მე ვიყავი შალვა სიხარულიძესთან; მან სთქვა, რომ ის შეეკითხება ქუთაისში თეიმურაზ ჭუმბურიძეს... ვინ არის, თუ იცი, თეიმურაზ ჭუმბურიძე? ისე კი სთქვა, რომ საჭიროა სპეციალისტებიო და სხვ. [ასე] მე მგონია, შესაძლებელია აბესალომის იქ გამგედ დატოვება.
ჩემს შესახებ რასაც ის გწერს, მასზე დაფიქრება შენთვის მომინდვია. ნება მისია...

მარადის შენი გალაკტიონ ტაბიძე

გულწრფელი სალამი ყველას.

გალაკტიონი

1927, აგვისტო