შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 32


[ძვირფასო ოლია. შენი წერილი მივიღე].

ძალიან კარგია, რომ ყოჩაღად ყოფილხარ, მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ჭკვიანი ქალი ხარ, ეხლა კიდევ უფრო დავრწმუნდი. შენ კარგად და ნორმალურად უნდა იცხოვრო და მალე სულ გამოკეთდება საქმე. აქ მდგომარეობა ძველებურად შესანიშნავად მიდის. ყველანი კარგად არიან. დედაშენი თანდათან უკეთესად ხდება.
ჩემი წიგნის გადაწერა დავიწყე. წიგნი მზად მექნება ორ კვირაში. პირველი აგვისტოდან შევუდგები ბეჭდვას და დავამთავრებ 15-ში. ეხლა თავისუფალი ვარ ორი თვით - მაგრამ ფული ცოტა მოგვცეს - კრიზისიაო. იმ ფულიდან მანიას გადავეცი ზეწარის და სხვ. საყიდლად, როგორც შენ მითხარი. გარდა ამისა, კიდევ მივეცი შესანახავად 5 ჩერვ. ასე რომ, ლოკ, წიგნის დაბეჭდვამდე ცოტა იოლად უნდა წავიდე. შენ როცა ფული დაგჭირდება, პირდაპირ შემოგვითვალე.
მე მგონია - დიდებულად იქნება საქმე.
აქ ბაბუცა იყო. სთქვა, რომ ის ვიღაცა ბერძენი ქალია - ერთ კვირაში უსათუოდ წავაო. თუ ეს ასე მოხდება, მე იმ ოთახს დავიჭერ მაშინ. მით უმეტეს, შესაძლებელია მიშა მალე დაბრუნდეს. დღეს კოტე ცინცაძის წერილი მოვიდა თავის დასთან. იწერება, რომ მიშა ძალიან კარგად გრძნობს თავს და, ექიმების თქმით, ერთ თვეში სრულიად ჯანმრთელად იქნებაო.
ძალიან მინდოდა სტუმრად ჩამოსვლა ბორჯომში, მაგრამ მგონია, ეს ვერ მოხერხდეს. სამაგიეროდ, უნდა მიყურო, როგორის ენერგიით ვმუშაობ წიგნზე.
ჩვენს რედაქციაში ცოტაოდენი ცვლილებებია მოსალოდნელი ენკენისთვიდან: სარედაქციო კოლეგიაში ვალია ბახტაძემ მოიწვია რამდენიმე ფუტურისტი, თუ იმათმა არ აწეწეს საქმე.. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავითარი საფრთხე მოსალოდნელი არ არის.
„ჯონ-რიდი“ - ახდენს პირდაპირ სენსაციას - თუმცა ჯერ არ გამოსულა. ჟურნალი დაბეჭდილია, გამოვა დღეს ან ხვალ.
ოლია, შენ იცი, როგორ ყოჩაღად იქნები. როდესაც ჩამოხვალ, სრულიად ჯანმრთელი უნდა ჩამოხვიდე, იცოდე.
გკოცნი.

გალაკტიონი

18 ივლისი

20 ივლისი. ღამე.
ოლია.. პირველი წერილი დაწერილი მქონდა. დღეს ვუერთებ ამ წერილს. ის-ის იყო დავწერე პირველი წერილი და უეცრად მომიხდა ტფილისის მახლობლად, კოჯორში წასვლა. იქ გავიგე ბევრი რამ ახალი.
მიშა დაუნიშნავთ გენერალურ მდივნათ; მთელი ცვლილებებია კიდევ. მიშა, ალბად, მალე ჩამოვა. მან ძალიან გაიმარჯვა.

[1924 წელი]