შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 31


[ძვირფასო ოლია!]

ისევ გაიღვიძა გულში ძლიერმა და გამოუსავლობის მქონე გრძნობამ: რათაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა დავანგრიო ეს ყოვლად საზიზღარი და გაუტანელი დაწესებულება სერგიევის ქუჩაზე: ხელოვანთა სასახლე, კერძოდ, მწერალთა კავშირი; ისინი განაგრძობენ ჩემს წინააღმდეგ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ აღარ აქვთ არავითარი დასაყრდნობი ადგილი: „კავკასიონი“, „ქართული სიტყვა“. ეხლა მხოლოდ სიტყვით, ცარიელი სიტყვით, ინსინუაციით, გაიძვერობით - განაგრძობენ თავიანთ საზიზღარ საქმეს და ვის წინააღმდეგ? მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ. ისე, როგორც წინად, ექვსი, შვიდი წლის განმავლობაში. ეს იყო ყოვლად საზიზღარი საქმე, რომელსაც მე არავის არ ვაპატივებ. ეხლა კი დროა, დროა, გავასწოროთ ანგარიშები. მე ვიცი თვითეულის სახელი და გვარი, პიროვნება, ყველაფერი, რაც ახასიათებთ მათ. რას იტყვიან მაშინ? ატირდებიან თუ არა ცხარე ცრემლით? მუხლებზე ჩოქვით მოვლენ თუ არა? მოინანიებენ ჩემს წინაშე თავიანთ ცოდვებს თუ არა. იტყვიან ყველაფერს. ატირდებიან მწარედ, მუხლებზე ჩოქვით მოვლენ. მოინანიებენ. ყველაფერს იტყვიან. მწარედ ატირდებიან, დროა მწარე ბრძოლის გამოცხადების. ამ ბრძოლაში ან ერთი მოკვდება ან მეორე. ან მე ან ისინი. ვიცით ორთავესი ძალა. მე თუ ისინი? ვნახოთ, ყველაფერი მალე გამოირკვევა.
ძვირფასო ოლია, შენ რომ არ ყოფილიყავ, შესაძლებელია მე სამუდამოდ დავესამარებიე ამ ცინიკების ხროვას. შენ იცი ჩემი პატიოსანი და სიყვარულით სავსე ცხოვრება. აქ არ ყოფილა კინტოობა, ცინიკობა, არ ყოფილა დაუდევარი მოპყრობა ჩემი ხელოვნებისადმი, არც საზოგადოებისადმი, არც თავისთავისადმი, რადგანაც მე ვგრძნობდი, რომ ვჭირდებოდი საზოგადოებას, ხალხს, ქართულ ლიტერატურას, პოეზიას, სამშობლოს, მშობლებს, ჩემს სოფელს, დედას, რამდენიმე კაცს, შესაძლებელია. მაშასადამე, დროა ბრძოლის. იქნება მწარე ბრძოლა.

მარადის შენი გალაკტიონი

1924, 23 ივნისი