შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 15


ოლოლი! ლო იცოდე, ლა მშვენიერი დღე ალის დღეს! პირდაპირ არ გინდა კაცს, სახლში იჯდე, გინდა გაინავარდო სადმე, წაჰყვე ვისმეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც მუდმივი სიხარული და ბედნიერებაა.
დღეს ძალიან ადრე გამომეღვიძა. გავიხედე ფანჯარაში და მშვენიერი გაზაფხულის დილა მომაგონდა. ცოტა სიცივე, მაგრამ ცა ისე იყო მოწმენდილი, რომ უნებურად რომაშოვივით ლერმონტოვის სიტყვები გავიმეორე: „И небо было так синее, что ангела полет прилежный взорь следить бы мог...“
საჩქაროდ ჩემი კაკაო დავლიე, მოვიხურე პალტო, ჩამოვიფხატე ქუდი და ტროსტით ხელში „ვაჟნოთ“ გავსწიე ქალაქ გარედ. უნდა გითხრა, რომ ძალიან მხიარულ გუნებაზე ვიყავი. აბა, შენ წარმოიდგინე, ასეთი მშვენიერი დღეა, 8 იანვარს, შუა ზამთარში. რომ ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნის ქრონიკაში წამეკითხა, არ დავიჯერებდი. მაგრამ ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს.
მივდიოდი იმ ქუჩაზე, სადაც გიჟებს ამწყვდევენ, და სადაც რამდენჯერმე გულწრფელად გადავწყვიტე შენი იქ ჩამწყვდევა, ჩემო ოლოლი! იქ ერთი გიჟი გადმომდგარიყო ფანჯარაში და ჩემს შეხედვაზე გულიანად გაიცინა. მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე და ამაყი ღიმილით ჩავიარე, თან ჩემს თავზე გავიფიქრე: „И он усмехнулся горьким, презрительным смехом“.
გზამ სოფელ ქვიტირში მიმიყვანა. თურმე სულ ახლო ყოფილა და მე რა ვიცოდი. გზაზე ბევრ მშვენიერ ფიქრს ვფიქრობდი და ძალიანაც არ მომგონებია, თუ სად მივდიოდი. შევედი ეკლესიის ეზოში და დიდხანს ვიწექი ქვაზე, შემდეგ წარწერებს ვათვალიერებდი, გავიცანი ბევრი მკვდრები, რომლებიც სიამოვნებით მომეგებნენ და მითხრეს: მობრძანდით, მობრძანდით! მაგრე რიგად ნუ გეშინია ჩვენი, ერთ დროს ახლობელი მეგობრები ვიქნებით ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში, უფრო კი ჯოჯოხეთშიო. თან ისიც მიამბეს, რომ უმეტესი ნაწილი ქვიტირლებისა და, საზოგადოდ, მთელი ქვეყნის მცხოვრებლების ჯოჯოხეთში მიდიან, რადგან სამოთხეში ყველას არ უშვებენ ცეცხლისხმლიანი ანგელოზები. გავიგე ისიც, რომ ჯოჯოხეთში შესვლა არც ისეთი საშინელებაა, როგორც ბევრ ცოცხალსა გონია. თურმე კუპრის ზღვაში და ცეცხლის მორევში ცურაობა ჯობნებია იმ ათასნაირ დამცირება-გაჭირვებებს, რომელთაც ქვეყანაზე განიცდიან ცოცხალი ადამიანები. რისი ცოცხალი! მკვდრები დაჟინებით მიმტკიცებდენ, რომ მათში ბევრი მოიპოვება ისეთი, რომლებიც ცოცხლებს სჯობიან ყველაფერში. აი, თუნდაც შენო! - მითხრა ერთმა კვდარმა - ნუ გეწყინება და ეხლაც თუ მე შენ არ გჯობდე, დამიმტვრიე ეგ ძვლებიო. რა თქმა უნდა, მე იმ მკვდრისთვის სულ არ დამიმტვრევია ყბები, რადგან სრული სიმართლე სთქვა. მეორე მკვდარმა თავისი ლექსები ამოიღო და პათოსით კითხვა დაიწყო.. ძალიან კარგი დეკლამატორი ყოფილა. მითხრა: აბა, შეადარე შენს ლექსებს, რომელი სჯობიაო. თურმე, ის კაცი მკვდრების საზოგადოებაში გენიოს პოეტად ითვლება... საზოგადოდ, ჩემო ოლოლი, ცოტა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დღეს სასაფლაომ. იმ პოეტმა ტრაბახით ამიკლო, სულ ძვლებს აჩხარუნებდა და ისე გაიძახოდა: ჩემისთანა არ იქნებაო! მეც ვეღარ მოვითმინე და თავის ქება დავიწყე. მაგრამ მკვდარმა პოეტმა დაცინვით გაიღიმა და ჯიბიდან გაზეთი "შადრევანი" ამოიღო, სადაც მიხ. წულუკიძის წერილია მოთავსებული. მე სირცხვილით გავწითლდი და ხმა გავიკმიდე.
ხუმრობის გარეშე, მართლაც, ბევრ სისულელეს ვფიქრობდი, როცა იმ საფლავის ქვაზე ვიყავ წამოწოლილი. მერე ჩემი ფიქრების მევე შემრცხვა, რადგან ჩემს თავზე გავიფიქრე: „Он лежал на плите бледный, неподвижный“ და სხვები... უცებ წამოვხტი, ერთი გულიანად გადავიხარხარე და ისევ უკან დავბრუნდი. დამხვდა შენი წერილები.
...ოლოლი, ეხლა ვწყვეტ წერილის წერას, სახლის პატრონის ბავშვი შემოვიდა და სამელნე მთხოვა.. კალამიც წამართვა, ასე რომ...

შენი გ.


რისთვის გეგონა, რომ მე იმ დროს თეატრში ვიქნებოდი? მე ეხლა არსად არ დავდივარ და, მადლობა ღმერთს, არც ჩემთან დადიან. მხოლოდ ერთხელ გავისეირნე საღამოთი, ვიყიდე ია და დაფიქრებული მოვდიოდი ჩემთვის. უცებ შემომესმა ძახილი. მოვიხედე - რას დაინახავ: მანია, დედა შენი, დეიდა შენი, შალიკო, ვასიკო და სხვები მიდიან. ჩემთვის დაძახება არ უნდოდათ, მაგრამ როცა მანიამ ია დაინახა, ვერ მოითმინა და დამიძახა. მანიას ია ვუთავაზე, ყველას ხელი ჩამოვართვი და იმ წამშივე დავბრუნდი...
იმ დღეს, შენ რომ წადი (ნათლიღება არ იყო?), ბაღში გავედი გასასეირნებლად. მივდიოდით მე და ვიღაც ღვდელი, და დავინახეთ კოლია და ნინა ერთ სკამზე ისხდენ და რაღაც სერიოზულ საუბარში იყვენ...
ასეთი ამბებია ქუთაისში, ე. ი. ქუთაისში სხვა ამბებიც არის, მაგრამ არაფერი არ მაინტერესებს. ძმა ერთხელს მეტად არ მინახავს. მგონია, წავიდა კიდეც სოფელში. მშვიდობით!
იყავი კარგად, ჩემო ოლოლი!

გალაკტიონი

8, 11 იანვარი [1915]