შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 1


ძვირფასო ოლოლ!

ამაღამ 5 საათზე გავდივარ ქუთაისიდან. გავდივარ რაღაც მწარე წინათგრძნობით.  მგონია, თითქო სამუდამოდ ვემშვიდობები ქუთაისის არე-მარეს. გული ტანჯვებით მეკუმშება, უსასოობასა და მარტოობას ვგრძნობ.
სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რა ნაირ მდგომარეობაში ვარ.. ისე მინდა ეხლა შენს ახლო ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე.. მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნიერების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არას დროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები მთელი თავისი სიმშვენიერითა და [ბუნებრივი] სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა.. რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას.. მეშინია, ოლოლ, მეშინია!
ეხლა, განშორების წინ მთელი ჩემი წარსული, უფერული, მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველ ღიმილით მეპატიჟება.. მეპატიჟება მხოლოდ და ვინ იცის, ავისრულებ როდისმე ჩემს წადილს, ვიქნები ისევ ის, რაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა? - არ ვიცი!
გესმის, ოლოლ, ბავშობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან - ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო.. მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი, როგორი იქნება.. მაგრამ ჩემი მტერი - ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.
ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს... შენ გეწყინება, არა? მე მგონია, შენ ერთად ერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გატკენს.. [იმ გულს, რომლის ადგილასაც] ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით...
ჰო, იმას ვამბობდი.. (მეც არ ვიცი, ეხლა რას ვამბობ და რას არა) რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი მეთქი.. არავინ არ მინდა ვნახო.. დაველაპარაკო. მინდა, მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლო.
ეხლა რადგან გვიანაა (თერთმეტის ნახევარია), საკანდიტროში ვზივარ და ვწერ ამ წერილს.. არავინ არ არის მახლობლად... ერთიც ვნახოთ, შემოდის მიშა, შენი ძმა.. მინდა, მიშას ბევრი რამე ვესაუბრო, მაგრამ არა მცალია, ეხლა ხომ ამ წერილსა ვწერ.
თუ მე ბედისწერა მწყალობს, მიშა მოიცდის ამ წერილის გათავებამდე.. ის ჯერ რძეს მიირთმევს პატიოსნად... მე განვაგრძობ ისევ ამ წერილის წერას. აი, ეს უკანასკნელი სიტყვა როცა დავწერე, მიშა ადგა და გავიდა. მაშასადამე, ოლოლ, მე ბედისწერა არ მწყალობს. ბედისწერა... ბედისწერა...
დღეს ჩემთან ნუცა იყო. მინდოდა, იმასთანაც ბევრი მესაუბრნა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი..
კოლიაც შემხვდა - იმას მხოლოდ თავი დავუკარი და გავუღიმე - როგორც ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე.
სიმონიკასაც შევხედე სადღაც...
მხოლოდ ვერსად ვერ ვნახე პატარა კუზიანი, რომელიც ყველას სჯობია, ის არსად არ შემხვედრია.
მალე დაკეტავენ საკანდიტეროს და გავალ ქუჩაში.. გავალ...
გკოცნი, ოლოლ... ოლოლ, მშვიდობით.

მარადის შენი გ. ტაბიძე

P. S. სურათი არაა მზად, თორემ გამოვაგზავნიდი... რა ვქნა, ოლოლ, [როგორ შემიძლია უშენოდ გაძლება?..] ვკვდები...

გ. ტაბიძე

გამოგიგზავნი წერილს...
გახსოვდე!
სურათი ისევ შენ უნდა გამოიწერო. თუ მე მომიხდა ქუთაისში ჩასვლა, წავიღებ ერთს.
სურათში დიდებულათა ხარ გამოსული; ორივენი კარგათა ვართ...
[როდესაც მე აქ არ ვიქნები, მოიგონებ მაშინ ყველაფერს...]
რამდენი რამ მინდა მოგწერო, მაგრამ ადგილი არაა.

1913 წ., 25 ენკენისთვე