შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 28


შენ გძინავს... არ მინდა, გაგაღვიძო და ისე მივდივარ... მაგრამ ვაი ასეთ ხასიათს, ეხლა მე რომ ვარ. ფიქრები, მწარე ფიქრები არ მასვენებს. შენ თუ ასე განაგრძე, აუცილებლად დავიღუპებით. გალაქტიონ, რა უნდა ქნა კაცმა, თუ რამე გითხარი, გული მოგდის, თუ ვინმემ სასარგებლოდ დაილაპარაკა და გირჩია, შენ გულისწყრომას საზღვარი არა აქვს – ჩემი მტერიაო – არა გრცხვენია? მეც ხომ მტერი არა ვარ შენი – ვიცი, შეგიძლია თავის დაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, შენ შესძლებ თავის შემაგრებას, მაგრამ არ ინდომებ და თავს იღუპავ – მტრებს ახარებ?.. რა სიამოვნებით ვისმენდი იუბილეიზე რომ ამბობდი, წიგნის გამოცემაზე და სხვა...
ასე თუ გაგრძელდა, იუბილეი კი არა, შეიძლება კავშირიდანაც კი გამოგრიცხონ. რატომ შვები ამას?
აი, დღევანდელი შემთხვევაც. სახლის კიბეს მივუახლოვდი. ოთხი რუსი ქალი ვიშვიშებენ და იძახიან: „Ой, бедный, ой, бедный“. სული შემეხუთა. რა ამბავია, შევეკითხე. ისინი სიბრალულით კიბისკენ იყურებიან და მეუბნებიან: „Ой, Галактион Табидзе“, თავზარდაცემული ამოვვარდი და კიბეზე გაშხლართული დაგინახე... ჯიბიდან გასაღები ამოგიღე – შენ არც კი გაგიგია. ამ დროს მეზობელი დიასახლისი გამოვიდა, მომეხმარა და ამოგიყვანეთ. საბედნიეროდ, ცუდი სიტყვა არაფერი წამოგცდენია, პირიქით, ხელზე გინდოდა გეკოცნა მადლობის ნიშნად. ძლივს გაგხადე და დაგაწვინე – ძილში საშინლად ხრიალებდი... გახველებდა... ვკვდებიო – იძახოდი. გალაქტიონ – შეიბრალე თავი, ნუ დათვრები, იცოდე, რომ მერე შენ ჭკუაზე არა ხარ და ქვეყნის სასაცილოდ და შესაბრალისად ხდები...
კიდევ ბედნიერება, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი იყო... ღამე რომ ყოფილიყო, კაცი არ შემოგხედავდა: გაგცარცვავდნენ – წაგართმევდენ პალტოს, ფეხსაცმელებს, ფულებს, მიგატოვებდენ, გაცივდებოდი და სამუდამოდ დაიღუპებოდი. რატომ შვები ამას, რატომ? ნუთუ ისე დაღუპული ვართ, რომ თავს ანგარიშს ვერ აძლევ... აბა, თუ ძმა ხარ, შენი ჭირიმე, გალაქტიონ, გამოიჩინე გმირობა, აჩვენე ქვეყანას, რომ შენ შეგიძლია უღვინოთაც ცხოვრება! ნუ ჩაიდებ ჯიბეში ფულს, და თუ მაინც და მაინც ვერ გაძლებ, სახლში მოიტანე და დალიე...
სხვათა შორის, ჯიბეები შარვალის და პალტოს გახეული გქონია და მოვკერე...
ბლუზა გიყიდე. არ ვიცი, როგორი იქნება. თუ ის საქმე მოგვარდა, იცოდე, საუკეთესო კოსტიუმი ჩემს თავზე იყოს... აუცილებლად გაუგზავნე წერილი ლ. ბერიას და მოხერხდება. მე, როგორც კი მომწერ, ჩამოვალ – მაგრამ ბინა უნდა ითხოვო და არა ოთახი. ერთ ოთახში მე ვერ მოვთავსდები. რაღაც ქაღალდი შემხვდა. ლამბარდში ბეჭედი და სხვა რაღაცეები დაგირავებული გქონია. გამოისყიდე აუცილებლად. ხვალ არის ვადა. შემდეგ ნივთს არ დაგიბრუნებენ.
წერილი უსათუოდ მომწერე.
მისამართი – სამტრედია, ბერიას ქუჩა №54, ან სამტრედია, რკინისგზის საშუალო სკოლა №13. პროკლე ტაბიძეს.
მშვიდობით!
ნეტა, თუ ისეთი ბედნიერი ვიქნები, რომ ღვინოს არ გაეკარო.

8. I. 1938 წ.