ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 24
ძმაო გალაქტიონ!
შენ ეხლა უთუოდ საავადმყოფოში იქნები კიდევ. მაშინ მითხარი, ორ კვირას დავრჩებიო. მე დარწმუნებული ვარ, ფეხი უკეთ გექნება. ძლიერი ნებისყოფის ადამიანებს ასეთი პატარა ავადმყოფობა ვერაფერს უზამს.
დისკუსია ფორმალიზმსა და ნატურალიზმზე უთუოდ დამთავრებული იქნება. დღეს, აი, ეს არის წავიკითხე გაზეთში შანშიაშვილის გამოსვლა შენს წინააღმდეგ. გაზეთი ამას „ყოვლად მიუღებლად, დაუშვებლად და უნაყოფოდ“ ნათლავს.
არ გაგიკვირდეს! ლენინის ორდენი, რომელიც შენს მკერდს ამშვენებს, დიდი სტალინისაგან პატივისცემა და ბერიასაგან დაფასება – მოსვენებას არ მისცემს და არა ერთს და ორს ააწკმუტუნებს შენს წინააღმდეგ. იმათმა გამოახტუნეს უთუოდ შანშიაშვილიც. გულში ცეცხლი უტრიალებთ და რით დააქრონ თუ არა შხამისა და ლერწოის გადმონთხევით. ძალიან კარგი იქნებოდა, იმათთვისაც მიეცა ორდენი, რომელზედაც დიდი ასოებით იქნებოდა წარწერა: „შური“.
არ გაგიკვირდეს! – ისინი ამით ფიქრობენ, შეანელონ შენი დიდი ენერგია და ნებისყოფა. ვერა! ვერ გაიმარჯვებენ და ისე წაიმტვრევენ ფეხს, როგორც არაერთხელ. დეე, ამოიგანგლონ თავიანთივე გესლში. შენ ამან უფრო უნდა გაგამხნეოს, კიდევ უფრო უნდა აგამუშაოს და გაგრძნობინოს, რომ შენ იმათზე მთელი თავით მაღალი ხარ!
იყავი კარგად! სალამი ოლიას!
წერილი მომწერეთ. ოლია უთუოდ დისპუტზე ესწრებოდა და ბევრი ამბები ეცოდინება.
ვინ იცის, რამდენი ვინანე, იმ ღამეს რომ არ დავრჩი.
აბესალომი
მისამართი: სამტრედია, რკინისგზის სანიმუშო ათწლედი.
9. IV. 1936 წ.