შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ერთხელ მერიით...


ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით -
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი:
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.
და რანაირად
ვიყავი ავად:
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?
ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება.
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს?
ერთხელ რომ მომხვდა
საწყალ გულს ტყვია:
ჭრილი იმ ტყვიის
ეხლაც ატყვია.
შემდეგ რომ ხანჯლით
გადმიდგა ვიღაც.
ეს ქინძისთავი
გმინვიდა იქაც.
მე ამ ქინძისთავს
დავსცქერი ეხლა
და ვერ მაშინებს
ვერარა შეხლა.
მისით თუნდ ყველა
ქვეყნებს დავიარ:
გულთან უბრალო
ქინძისთავია.
მასთან სიკვდილსაც
მივიმჩნევ არად.
ის ჩემთანაა
მარად და მარად.
სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზისდარს -
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნაშთი ქინძის.
ჩემთვის ის რაა
ქვეყნად ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი.
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი.
 
[1958 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ]