შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სალამი ცისკრის ადამიანებს...


სალამი ცისკრის ადამიანებს -
ამ ზეცას, მიწას და ზღვას მზიანებს,
ვერარა ძალა აწ სამშობლოის
შვენებას ვეღარ დააზიანებს.

სერზე ვაჩერებ მერანს სადავით:
ზღვიდან მომესმის მთების სათავით
წამოსულ წყალთა ახმაურება,
აღფრთოვანებით და სისადავით.

ზღვათა გრიალი გააქვს მთელ ხოროს:
ფაზისს და ენგურს, არაგვს და ჭოროხს.
ეჰ, მაინც თქვენთან, ისევ თქვენთან ვარ,
რაგინდ დღეებმა გვაშორიშოროს!

ვიგონებ კრებებს იდუმალს, ფარულს,
სად ვიპოვიდი სხვაგან სიხარულს?
არც დედამიწას ანათებდა მზე,
არც ჩემს ცხოვრებას არალეგალურს.

მემატიანე იმ დროს ვინა ჰყავს?
აწ მხოლოდ ამ ზღვის სივრცე ინახავს
იმ მოგონებებს, რაც დაკარგულა,
რაც განმიცდია და რაც მინახავს.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]