შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენ გავიარეთ...


ჩვენ გავიარეთ
შინდარი, ტბეთი,
მუხამდე, სადაც
კეხვის არხია.
რამ ააყვავა
სამხრეთ ოსეთი?
დიდი ხნის ძილი
რამ შეარხია?

მე მახსოვს გოლვა,
სიცხე ზნაურის,
მზის მხურვალებით
დამსკდარი მიწა.
ეხლა აქ ახალ
აურზაურის
ცვლაში მდინარემ
გამოიღვიძა.

სულ მაღლა მთებში
კელვის ტბა არის, -
ვიყავ მსურველი
ადგილთა ნახვის.
იმ ტბიდან მიდის
სისწრაფე ქარის,
იმ ტბიდან სწყდება
ზვირთი ლიახვის.

იმ ტბიდან, აბა,
როგორ არ შვენის
ელსადგურების
მზეთა ნათება!
იმ კვერნეთისა
და თამარშენის
ქების თქმა ძალას
აღემატება.

მაინც ვინ არის
ამ სამწყაროსი,
ნედლათის, ტიგვის
და ტბეთის გმირი?
ვინ გამოსცვალა
კეხვის ტაროსი,
იმ ნაბაკევის
ვარვარი მწირი?

ვინ აღძრა ენა
დაგროვილ ხე-ტყის
და დაყრუება
ვინ შესძრა გრომის?
მსგავს შედარებას,
აბა, ვინ მეტყვის,
რასაც იძლევა
დღე ნათელ შრომის?

გზა ვინ გაჰკვეთა
ძაუ-სუარის,
აკადემიის
ვის მისწვდა შუქი?
მსგავსი მშვენება
სადმე თუ არის,
მთებს რომ ლეჩაქი
ბურავს მსუბუქი?

ვინ იცის ბუდე
უხვი მარაგის,
სად ბინად დადგნენ
უბინადრონი?
სოფლის, ქალაქის
და აგარაკის
ეხლა ვინ არის
ბატონ-პატრონი?

ვინ არის, რომ მზედ
აქცია თალხი?
ვინ არის, ნისლი
რომ გაარღვია?
- ხალხი, მარადის
უკვდავი ხალხი!
ყოვლის შემქმნელი
მხოლოდ ხალხია!

მის ძლიერებას
ვერ გარდამოხსნის
ამაოება
დროებათ ტალღის,
ყოველი სიტყვაც
მგზნებარე მგოსნის
ეს არის სიტყვა -
მგზნებარე ხალხის.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]