შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გვახსოვს ოქტომბრის...


გვახსოვს ოქტომბრის დღეთა სიდიდე,
მარქსის, ლენინის ხმა კიდით-კიდე
    შესძრავდა არეს.
უვრცესი იყო წამთ სიდიადე:
გარს ეცლებოდა წყვდიადის ბადე
    სამშობლო მხარეს.
იდგნენ ვით გმირნი, იდგნენ ვით ტოლნი
აზვირთებული კრემლი და სმოლნი.
    დღე მატულობდა.
აწ, ეხლა ვერვინ იქ ვეღარ ჰპოვებს -
თავის ადგილზე ჭაობთ ხაბოებს,
    ვინც ნატრულობდა.

ზღვა ერთ კალაპოტს ასცილდა ახლა
და მალე დროშა ასწია მაღლა -
    სოციალიზმის.
მტერს ვერაფერი აქ ვერ იხსნიდა,
პარტია, ხალხი შუბლს გაიხსნიდა:
    - „ძლევის ხმა ისმის!“
რომ გადმოხდაო ღელვა ნაპირებს,
რომ აბობოქრდა და აწ აპირებს
    ძველის წალეკვას,
წინ იწევს ღელვა უზარმაზარი,
მსოფლიოს გულში გუგუნებს ზარი:
    - ეპოქა რეკავს!

რა ძლიერია გულთა დუღილი,
ისმის ამბავთა ჭექა-ქუხილი
    მრისხანედ ჩქარი,
საუკუნეთა გასკდა იარა
და ნაპირებზე გადმოიარა, -
    გრიალებს ქარი!
ეხმაურება სიათს სიათი,
რომ ღალატს რასმეს აწყობს წყვდიადი
    ჰიტლერის სახით.
და ხალხი დიად ჩირაღდნებს ანთებს,
აშუქებს მტრულად მიმავალ ლანდებს...
    ჩვენ გავიმარჯვეთ!

ამ გამარჯვებით მსოფლიო ბაღთან
სწრაფი ნათება აქვს იმ ჩირაღდანს,
    კვალად და კვალად
მოძრაობს, საქმობს და მტლედ ადნება
მხარეს ამგვარი გაჩირაღდნება -
    კომუნის ალად.

[1957 წლის 14 აგვისტომდე]