შუალედი - დან - მდე
 
 


* * * წინ, წინ, სამშობლო მხარევ...


წინ, წინ, სამშობლო მხარევ,
ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი
ის ოქტომბერი, რამაც
შესძრა მსოფლიო მთელი!
გამოქანება მძლავრი
ცხრაასჩვიდმეტი ტალღის -
ეს არის ძალა, ნება
და მისწრაფება ხალხის!
ეს არის სული ხალხის,
ეს არის გული ხალხის,
ეს არის ნება ხალხის,
ხალხის და მხოლოდ ხალხის!

მიმოიხედავ ირგვლივ -
არის განძების თოვა:
ვინ მოამზადა ამდენ
ღირებულებათ გროვა?!
განძის, რომელსაც ხედავს
მოხუცი, გინდა ბალღი,
ღირებულების ყოვლის
შემქმნელი არის ხალხი -
მარად მოქმედი ხალხი,
მარად მოძრავი ხალხი,
შეუცდომელი ხალხი,
ხალხი და მხოლოდ ხალხი!

ღირებულებათ გროვა
დიდებულია, სრული,
მას დასტრიალებს ხალხის
განათებული სული!
ხალხი მქმნელია მარად -
ასე მძლავრი და ლაღი,
ყოველ სულიერ წყაროს
სათავე არის ხალხი -
მარად მგრძნობელი ხალხი,
მარად მცნობელი ხალხი,
შეუცდომელი ხალხი,
ხალხი და მხოლოდ ხალხი!

ვერ წაიშალა, თუმცა
შალა, შალა და შალა
ბნელმა, უკვდავი მარად
ხალხთან კავშირის ძალა.
პიროვნებისთვის მზეა
ხალხთან კავშირი საღი -
მხოლოდ კავშირი ხალხთან,
რომ გვდარაჯობდეს ხალხი,
ბევრის მნახველი ხალხი,
კავშირის მქმნელი ხალხი,
ხალხი და მხოლოდ ხალხი!

წიგნში ძალაა ხალხის,
მხოლოდ იმიტომ, იქნებ
ხალხი მფარველობს წიგნებს,
თავის საყვარელ წიგნებს.
გამნათებელი მარად,
არა მომხვევი თალხის
მშვიდობის დიდი წიგნი -
ხმაა გმირული ხალხის,
ნათლისმფენელი ხალხის,
მარად ნათელი ხალხის,
წიგნთა მფარველი ხალხის,
ხალხის და მხოლოდ ხალხის!

მარად ბრწყინვალეს, დიადს,
მარად სპეტაკს და ხალასს,
ვუძღვნათ ქებათა ქება
ხალხის სულიერ ძალას!
ხალხთან მარადის კავშირს
რომ არ მოედოს ჟანგი,
ხალხის სულიერ ძალად
უნდა აჟღერდეს ჩანგი.
ჩანგიც სულია ხალხის,
მარად ცოცხალი ხალხის,
გულით მომღერალ ხალხის,
ხალხის და მხოლოდ ხალხის!

წინ, წინ, სამშობლო მხარევ!
ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი
ის ოქტომბერი, რამაც
შესძრა მსოფლიო მთელი.
დროშაა დიდებული -
გაბრწყინებული, სრული,
ავწიოთ უფრო მაღლა
ხალხის სული და გული.
მაღლა ავწიოთ ხალხი,
წინ წავიყვანოთ ხალხი,
უნდა გვესმოდეს ხალხი,
უნდა გამოგვყვეს ხალხი!

შვენის მებრძოლის სული
და ჩაფიქრებაც შვენის...
ჩაფიქრებული ხალხი
როცა იგონებს ლენინს.
ზევით - ლაჟვარდი ცაა,
ქვევით - მსოფლიო ბაღი.
თითონ ლენინიც ხმაა, -
ხმაა მებრძოლი ხალხის,
მარად მქუხარე ხალხის,
მარად მჭექარე ხალხის,
მშვიდობისაკენ მძლავრად
მიზღვავებული ხალხის.

ყველაფერს ქვეყანაზე
მით მიეცემა ფასი,
რამდენად მასში სავსე
მიზნობს დიდების თასი.
რამდენად სახავს იგი
ხალხის სწრაფვას და მიზანს -
შრომას, ტკივილებს, შვებას,
აღფრთოვანებას მისას, -
რომ გდარაჯობდეს ხალხი,
დამფასებელი ხალხი,
შეუცდომელი ხალხი,
ხალხი და მხოლოდ ხალხი!

დიდი მშვიდობის გრძნობის
მედგრად ტრიალებს ჩარხი,
მშვიდობისათვის მარად
აღგზნებულია ხალხი.
მშვიდობას ითხოვს ხალხი,
მშვიდობას ჰპოვებს ხალხი,
მშვიდობას ჰპოვებს, ჰპოვებს
შეუცდომელი ხალხი!
ეს არის სული ხალხის,
ეს არის გული ხალხის,
ეს არის ნება ხალხის,
ხალხის და მხოლოდ ხალხის.

1956 წლის 25 ივლისი
საქ. სამხედრო გზა