შუალედი - დან - მდე
 
 


* * *შავი ზღვის პირად...


შავი ზღვის პირად
ხე იდგა მრუდე,
მაგრამ ლამაზის
მრხეველი რიდის,
და მის ტოტებში
უცნობი ჩიტის
მე შევამჩნიე
ურყევი ბუდე.

ვთქვი: ჩიტსაც კი აქვს
თავისი ზღუდე,
მე კი - მოხეტემ
კიდითი კიდის -
არ ვიცი ეს გზა
საითკენ მიდის,
და მაინც უნდა
ამ გზებს გავუდგე...

ჩიტსაც ხომ ბუდე
აქვს საკუთარი,
თავშესაფარი,
ნავთსაყუდარი,
შავი ზღვის პირს რომ
ასე დაშვენდა...

და მე კი, მართლაც
საკვირველია,
ათი წელია,
ოცი წელია,
ერთ ქოხს ვაშენებ
და არ აშენდა!

1956 წლის 16 მარტი